მარნეულში მულტიეთნიკური ხელოვნების ფესტივალი „ერთი ცის ქვეშ“ გაიმართა

4 April 2015

"დღეს ვმართავთ საიუბილეო მე-10 სეზონის ფესტივალს, რაც სასიხარულოა და საამაყოა. ფესტივალისადმი წლიდან წლამდე ინტერესი იზრდება და ფართოვდება მისი არეალი. საქართველოში პოპულარიზაცია და წახალისება სჭირდება კლასიკურ მუსიკას და ასევე სხვადასხვა ეროვნების კომპოზიტორების ნაწარმოებებს, ამგვარად შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი მხარს უჭერს ამ ფესტივალს. ეს კიდევ ერთი დამატებითი სტიმული და მოტივაციაა ნორჩი შემსრულებლებისათვის, რომ გააგრძელონ მოღვაწეობა ამ მიმართულებით. ეს ფესტივალი მნიშვნელოვანია მომავალი თაობების ერთიანობის და სხვადასხვა ეროვნების კულტურული მემკვიდრეობის შემეცნების, დაფასებისა და საერთო კულტურული ღირებულებების წარმოჩენისათვის, რომელსაც საქართველოს მრავალეთნიკური საზოგადოება ქმნის", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა ფესტივალის გახსნაზე.

ფესტივალში მონაწილებას მიიღეს საქართველოს ყველა რეგიონის ქალაქებში არსებულმა სახელოვნებო სკოლების და კულტურის ცენტრებთან არსებული ეთნიკური უმცირესობების წამომადგენლების საშემსრულებლო კოლექტივებმა, ასევე საანსამბლო, ინდივიდუალურმა (საფორტეპიანო-სოლო, საფორტეპიანო ანსამბლი ერთი ფ-ნოსთვის, კლასიკური საორკესტრო, ვოკალური, საგუნდო, ხალხურ საკრავთა კლასებიდან) და თვითმოქმედმა საოჯახო შემსრულებლებმა.

ფესტივალის "ერთი ცის ქვეშ" კონცერტის ორგანიზატორები არიან შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის ქვემო ქართლის რეგიონის თავმჯდომარე, კომპოზიტორი მანანა ალფაიძე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო. დონორი ორგანიზაცია - გაეროს ასოციაცია საქართველოში.