ქეთევან ციხელაშვილი საქართველოს მოსახლეობას აღდგომის დღესასწაულს ულოცავს

11 April 2015

"მაცხოვრის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მინდა მივულოცო საქართველოს მოსახლეობას, მათ შორის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ თანამოქალაქეებს. განსაკუთრებით კი მინდა მივულოცო და ჩემი თანადგომა გამოვხატო იმ ადამიანების მიმართ, ვინც დევნილია საკუთარი სახლებიდან, ასევე იმ ადამიანების მიმართ, ვინც საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს ცხოვრობს და მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიკადების გამო, ახლობლების საფლავებსა და წინაპართა სალოცავებზე გასვლას ვერ ახერხებს. ჩვენი დიდი ძალისხმევისა და ყველა დასავლელი პარტნიორის მარდაჭერის მიუხედავად, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში, სამწუხაროდ, წელსაც, ისევე როგორც წინა წლებში, ამ ადამიანებს არ მიეცათ შესაძლებლობა აღდგომის დღესასწაულზე მაინც გადაეკვეთათ ხელოვნური გამყოფი ხაზები საფლავებისა და სალოცავების მოსანახულებლად. ეს არის განგრძობითი ოკუპაციის სახე. მიუხედავად ამისა, ჩვენ ინტენსიურად გავაგრძელებთ მუშაობას იმისათვის, რომ მომავალში ამგვარი ჰუმანიტარული ხასიათის მცირე, მაგრამ ბევრი ოჯახისათვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგას, ვიდრე ჩვენი მთავარი ამოცანები, ქვეყნის დეოკუპაცია და დევნილებისათვის საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლების რეალიზება იქნება მიღწეული. მინდა გისურვოთ ღვთის შეწევნა და ბედნიერი მომავლი გამთლიანებულ საქართველოში", - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

12 აპრილს სრულიად მართმადიდებლური სამყარო მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს.