როგორც ჟურნალისტებს პაატა ზაქარეიშვილმა განუცხადა, C ჰეპატიტის პრობლემა საქართველოს მთელ მოსახლეობას ეხება, მათ შორის აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ პირებს.
"სამწუხაროდ, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის C ჰეპატიტი მთავარი პრობლემაა, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებში. საქართველოს მოსახლეობას, მათ შორის აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ პირებს ეძლევათ მსოფლიოში უპრეცედენტო შესაძლებლობა უფასოდ იმკურნალონ ძვირადღირებული წამლებით და სწრაფად განიკურნონ. ეს დამატებითი სიკეთეა, რაც საქართველოს მთავრობა სთავაზობს აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში დარჩენილ მოსახლეობას, რათა მათ იზრუნონ საკუთარ ჯანმრთელობაზე.თუმცა, აქ არის რამდენიმე ნიუანსი - ეს არის ძვირადღირებული პროგრამა და ამიტომ მკურნალობა ადგილზე ხდება. ამის გათვალისწინებით, მათ მოუწევთ ჩამოსვლა იმ სამედიცინო ცენტრებში, სადაც შესაბამის მკურნალობა ადგილზე ჩაუტარდებათ. ასევე, აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში მცხოვრებმა პირებმა უნდა იცოდნენ, რომ პროგრამაში მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირს შეუძლია ჩართვა. ჩვენი მიზანია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებმა მოსახლეობამ ეს სიკეთე სრულად გამოიყენოს. პროგრამა ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების კეთილი ნებით, მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის და მხოლოდ ადგილზე მკურნალობით", - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა დაიწყო, რომელიც მოიცავს C ჰეპატიტით დაავადებულ პირთა დიაგნოსტიკას მკურნალობაში ჩართვამდე და მკურნალობის პროცესის მონიტორინგისთვის საჭირო კვლევების ჩატარებას. C ჰეპატიტით დაავადებულ პირთა მკურნალობას, პრევენციული ღონისძიებების ჩატარებას, რომელიც გულისხმობს C ჰეპატიტის ვირუსის გავრცელების წყაროების და ობიექტების მონიტორინგს. ვრცლად C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის შესახებ იხილეთ:http://e.gov.ge/cMEcE