შერიგებისა და სამოქალაქო თანასოწრობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კონცეფციისა და 2014 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაციას სახალხო დამცველის მოადგილე პაატა ბელთაძე, სახალხო დამცველის აპარატთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს და სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის წევრები ესწრებოდნენ. შეხვედრა სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ციხელაშვილმა გახსნა.
"ეს არის ანგარიში იმ აქტივობების შესახებ, რომლებიც სახელმწიფომ გასულ წელს განახორციელა სამოქალაქო ინტაგრაციის მხარედაჭერის მიზნით. მოქმედი ეროვნული კონცეფციის ფარგლებში ეს ბოლო ანგარიშია. ამჟამად დასრულების ეტაპზეა ახალ კონცეფციაზე მუშაობა, რომელიც ამ მიმართულებით მომდევნო 5 წლის განმავლობაში პრიორიტეტებს განსაზღვრავს. ამიტომ დღეს განსაკუთერებით მნიშვნელოვანია, მოვისმინოთ საბჭოს წევრების მოსაზრებები და რეკომენდაციები, რათა ეს ყველაფერი გათვალისწინებული იქნას ახალ კონცეფციაში", - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
შეხვედრის მონაწილეებს ანგარიში სახელმწიფო მინისტრის აპარატის სამოქალაქო ინტეგრაციის სამმართველოს ხელმძღვანელმა თინათინ ღოღელიანმა წარუდგინა. მან სამოქალაქო ინტეგრაციის კონცეფციისა და 2014 წელის სამოქმედო გეგმის ექვსივე მიმართულებით განხორციელებულ სამუშაოებსა და არსებულ გამოწვევებზე დეტალურად ისაუბრა. კერძოდ, კონცეფცია და სამოქამედო გეგმა შემდეგ მიმართულებებს შეიცავს: კანონის უზენაესობა, განათლება და სახელმწიფო ენა, მედია და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა, პოლიტიკუირ ინტეგრაცია და სამოქალაქო მონაწილეობა, სოციალური და რეგიონალური ინტეგრაცია, კულტურა და თვითმყოფადობის შენარჩუნება.პრეზენტაციის შემდეგ დისკუსია გაიმართა.