21-22 მაისს აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტთან დაკავშირებით საქართველოში მაღალი მოლოდინი გვაქვს. ვიმედოვნებთ, რომ რიგის სამიტი ხელშესახებ და მკაფიო შედეგებს მოიტანს საქართველოსათვის მისი ევროპული მისწრაფებებებისა და ევროპული ინტეგრაციის კურსის საპირწონედ. ე.წ "გაყინული კონფლიქტები" და რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია და მცოცავი ანექსია წარმოდგენს დაბრკოლებას ჩვენი გრძელვადიანი მდგრადი განვითარებისა და პერსპექტივის მიმართ, რომელიც უკავშირდება თავისუფალ, ერთიან და დემოკრატიულ საქართველოს. ხელშესახები შედეგების მიღწევას რიგაში - მაგალითად შეთანხმებას ვიზა ლიბერალიზაციაზე საქართელოსთვის - პოზიტიური, პირდაპირი და შეუქცევადი გავლენა ექნება ჩვენს რეგიონში კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების დინამიკაზე.
ევროპის აღმოსავლეთით დრო სწრაფად გადის და ამჟამად ის სწორედ მათ წინააღმდეგ მოქმედებს, ვისაც რეგიონში დემოკრატიის, მშვიდობისა და კეთილდღეობის დანახვა სურს. თუმცაღა, "გაყინული" კონფლიქტების ცნება საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ დამაბნეველია. რუსეთის გავლენა შეუქცევადად იზრდება: სამხედრო ბაზების არეალი ფართოვდება, სუბსიდიები იმატებს, მიმდინარეობს პასპორტების უკანონო დარიგება და ე.წ "ხელშეკრულებების" ხელმოწერა, რათა საფუძველი შეიქმნას ანექსიის ოფიციალური გაფორმებისთვის. ამავდროულად, ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეების მისამართით გაჟღერებული რუსული პროპაგანდა ევროპული ინტეგრაციის ალტერნატივას უფრო მეტად წარმოაჩენს ვიდრე უბრალოდ ფანტაზიას.
რიგაში ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ ეს მცდარი შეხედულებაა. ჩვენ უნდა დავანახოთ მათ, რომ ევროპული კურსი ხელშესახებ სარგებელს მოიტანს. პასპორტი, რომლითაც ქართველებს საშუალება ექნებათ გადაადგილდნენ ევროკავშირის სივრცეში, ძლიერ მიზიდულობას შექმნის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისთვის, რომელთა არალეგალურ დოკუმენტებს არ აღიარებს საერთაშორისო თანამეგობრობა.
არსებობს მოლდოვას მაგალითი, სადაც ვიზის ლიბერალიზაციამ თითქმის გააორმაგა მოლდოვის მოქალაქეობის მსურველთა რაოდენობა ერთი წლის განმავლობაში. ეს უფრო მეტია ვიდრე უბრალოდ სიმბოლური დატვირთვა: პასპორტები სახელმწიფოსა და მისი ხალხის დამაკავშირებელი ძალაა, რომელიც გამორიცხავს სეპარატიზმს და ამავე დროს საშუალებას აძლევს მათ დაინახონ რა მოაქვს ევროკავშირში ინტეგრაციას, მათ შორის უმცირესობათა წარმომადგენლების იდენტობის დაცვას.
საქართველოში რეფორმები სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. საქართველოს მთავრობა მზადაა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ პირებს გაუზიაროს ყველა ის სარგებელი, რომელიც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით არის გათვალისწინებული. საკუთრივ ვიზა ლიბერალიზაცია მნიშვნელოვანი სარგებელია და გააჩნია სახალხო კონტაქტების განვითარებისა და შერიგების პროცესის გაძლიერების შესაძლებლობა.
კონფლიქტების მოგვარება რეგიონში წინაპირობას ქმნის მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოების გარემოს და დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა მდგომარეობის ჩამოყალიბებისთვის. ევროპული ინტეგრაცია, რომელიც თავისუფალი და ერთიანი ევროპის საერთო ღირებულებებსა და იდეას ეფუძნება, სწორედ ამ პერსპექტივას განამტკიცებს. მეორე მხრივ, რაც უფრო გაიწელება ჩვენი პროგრესი ევროპული ინტეგრაციის გზაზე, მით მეტად დავკარგავთ შესაძლებლობას რუსეთის მოქმედებებს რაიმე კონკრეტული ალტერნატივა დავუპირისპიროთ; ამით უფრო მეტად ვეწევით რისკს ფეხი მოიკიდოს იმედგაცრუებამ და გულგატეხილობამ და შენელდეს კონფლიქტების მოგვარების პროცესი.
გასული წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობამ საფუძველი ჩაუყარა შერიგებას, გამოასწორა ურთიერთობა რუსეთთან და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების მოსახლეობასთან, განამტკიცა დემოკრატია, ხელი შუეწყო ადამიანის უფლებათა დაცვას საქართველოს ყოველი მოქალაქისთვის.
რიგის სამიტზე ჩნდება უნიკალური შესაძლებლობა, ევროკავშირმა გადადგას საქართველოს ევროინტეგრაციული ძალისხმევის შემხვედრი ნაბიჯები და ამით მნიშვნელოვანად გაამყაროს არსებული სამშვიდობო პროცესი. შესაბამისად, ვიზის ლიბერალიზაცია წარმოადენს არა მხოლოდ ყველაზე ხელშესახებ ინსტრუმენტს, არამედ ყველაზე რეალურ და ყველაზე მძლავრ ინსტრუმენტს დღეს არსებული თანამშრომლობის კონტექსტიდან გამომდინარე. საქართველოსა და მთლიანად კავკასიის რეგიონის უსაფრთხოების სასარგებლოდ ჩვენ ეს შანსი ხელიდან არ უნდა გავუშვათ.