"პოეზიის გაზაფხულზე" ლიტვის საელჩომ საქართველოში ქართველ, აფხაზ, ოს, ლიტველ პოეტებს, მწერალთა სახლის წარმომადგენლებს, საელჩოს მეგობრებს, "კავკასიური სახლის" და ლიტური სათვისტომოს წარმომადგენლებს უმასპინძლა.
ქეთევან ციხელაშვილმა შეკრებილებს სიტყვით მიმართა.
"საქართველოში ძალიან გვიყვარს პოეზია. საქართველოს პოეტები, ქმნიდნენ და ქმნიან შესანიშნავ ლექსებს. დარწმუნებული ვარ ბევრი პოეტისათვის იყო და იქნება შთაგონების წყარო ის სიმდიდრე, რომელიც ჩვენი ქვეყნის მრავალფეროვნებაშია. საუკუნეებიის განმავლობაში განსხვავებული ეთნოსის, რელიგიისა და კულტურის მატარებელი ჩვენი ქვეყნის შვილები ჰარმონიულად თანაცხოვრობდნენ. მიუხედავად გარკვეული გამოწვევებისა, ჩვენ გვაქვს უმცირესობების იდენტობის დაცვის, მშვიდობიანი თანაცხოვრების, ურთიერთპატივისცემის და ტოლერანტობის ძალიან მყარი საფუძველი - ჩვენი გამოცდილება, ღირებულებები, რომელზეც დღეს სამოქალაქო თანასწორობაზე დაფუძნებულ საზოგადოებას ვაშენებთ. ამას ემატება ევროპული ღირებულებები, რომელიც ევროკავშირმა ბოლო ათწლეულების განმავლობაში მდგრადი მშვიდობის პირობებში შეიძინა და ჩვენი ევროინტეგრაციიდან გამომდინარე, ეს ჩვენი ღირებულებებიც არის. ჩვენ ევროპელები ვართ. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ქვეყნის მრავალფეროვნებით, რითაც ევროპის და მთლიანად მსოფლიო ცივილიზაციისა და კულტურის განუყოფელი ნაწილი ვართ. დიდი მადლობა ჩვენს მეგობრებს, ლიტვის საელჩოს ამ პროექტის საქართველოში მხარდაჭერისათვის" - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
"პოეზიის გაზაფხული" ლიტვაში მრავალი წლის განმავლობაში დიდი პოპულარობით სარგებლობს და ლიტვის საელჩოს მხარდაჭერით წელს საქართველოშიც აღინიშნა.ღონისძიება "ლიტვური ენისა და კულტურის ცენტრი" და "კავკასიური სახლის" ორგანიზებით გაიმართა.