შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე საერთაშორისო დონორების წარმომადგენლებს შეხვდა. კერძოდ, ქეთევან ციხელაშვილმა შეხვედრა გამართა ლტოლვილთა დანიის საბჭოს გორის ოფისის ხელმძღვანელთან გაი ჰოუვთან და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს წარმომადგენელთან თამარ წივწივაძესთან. შეხვედრაზე აღნიშნული ორგანიზაციების პროექტების მიმდინარეობა განიხილეს. აღნიშნულ პროექტებს შორის არის სოფელ ერგნეთში 2008 წლის ომის დროს დაზიანებული სახლებისა და საირიგაციო სისტემის რეაბილიტაცია.
"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გამყოფი ხაზების სიახლოვეს ჩვენი პარტნიორების ჩართულობა იმ პროექტებით, რომლებიც ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზე და სოციალური და ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებისკენ არის მიმართული. ერგნეთის პროექტი ერთ-ერთი მსხვილი პროექტია და მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი სტიმულია იმისთვის, რომ ადგილზე დამაგრდნენ. ამიტომ ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერთ ამგვარ პროექტებს", - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
მისივე განცხადებით, იგეგმება პროექტების შედეგების ერთობლივი პრეზენტაცია, რომელზეც სხვადასხვა დონორი ორგანიზაცია იქნება მიწვეული.