ჟენევის მოლაპარაკებების მე-19 რაუნდის დროს ქართული მხარის მიერ კვლავაც დაყენებულ იქნა რუსეთის ფედერაციის მხრიდან ძალის გამოუყენებლობის შესახებ ვალდებულების აღებისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და სადამკვირვებლო საერთაშორისო მექანიზმების შემუშავების საკითხი. საქართველოს წარმომადგენლებმა ასევე ყურადღება გაამახვილეს რეგიონის მილიტარიზაციასა და ბოლოდროინდელ უსაფრთხოების ინციდენტებზე. გარდა უსაფრთხოებისა, ქართულმა მხარემ ასევე წამოაყენა ჰუმანიტარული ხასიათის საკითხები, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის, დანაშაულისა და პირთა უკანონოდ დაკავების ფაქტები, ისევე როგორც დევნილების უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნებისათვის პირობების შექმნის აუცილებლობის საკითხი.
გარდა აღნიშნული ტრადიციული თემებისა, ჟენევის მოლაპარაკებათა მე-19 რაუნდზე საქართველოს დელეგაციის წევრებმა საერთაშორისო საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შელახვის ფაქტების შესახებ და მოითხოვოს ამ საკითხის შესწავლა საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით.