შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს უსაფრთხოების წინაშე მდგარი გამოწვევები, ოკუპირებულ რეგიონებში არსებული სიტუაცია და საქართველოს მთავრობის "ჩართულობის სტრატეგიითა" და სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების მიმდინარეობა.
როგორც შეხვედრის შემდეგ სახელმწიფო მინისტრმა განაცხადა, "ძალიან დეტალურად განვიხილეთ ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობა და ის მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მოსახლე ადამიანებთან ჩართულობის თვალსაზრისით. დღეს ჩვენი მთავარი მიზანია, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც იქ ცხოვრობენ, ჰქონდეთ იმის შეგრძნება, რომ ის განვითარება, რომელიც საქართველოში ხდება, მათთვის უკვე ხელმისაწვდომია. ის, რომ ჩვენთან უფრო ვითარდება ჯანდაცვის სისტემა, არის უფრო მეტი შესაძლებლობა დასაქმებისათვის, ვითარდება თავისუფალი, უსაფრთხო ქვეყანა, მათ შეეძლოთ, შეძლებისდაგვარად ჩაერთონ ამ პროცესში". თავის მხრივ, ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ უნდა მოხდეს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ხალხის მაქსიმალური ინტერგაცია ქართველ ხალხთან.