შეხვედრა კავკასიელ სტუდენტებთან

13 July 2012

"შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციის" 2012 წლის სამოქმედო გეგმის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მცირე საკონფერენციო დარბაზში გაიმართა ღონისძიება, რომელზეც დისკუსიის ფარგლებში განხილულ იქნა "ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებთან ურთიერთობის საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიის" დოკუმენტი და ჩრდილოეთ კავკასიელებისათვის სავიზო რეჟიმის გამარტივების შედეგები.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა, ექსპერტებმა კავკასიის საკითხებში, ენათმეცნიერებმა, თბილისის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებმა, მაგისტრანტებმა და იმ ჩრდილოეთ კავკასიელმა სტუდენტებმა, რომლებიც საქართველოში იღებენ უმაღლეს განათლებას.

შეხვედრის ძირითადი მიზანი იყო "ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებთან ურთიერთობის საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიის" შესახებ ინფორმაციის გაზიარება, საქართველოსა და ჩრდილოეთ კავკასიელ ახალგაზრდებს შორის კავშირების განმტკიცების ხელშეწყობა, რაც თავის მხრივ არის სამოქალაქო ინტეგრაციის ერთ-ერთი წინაპირობა და ასევე, იმ შედეგების განხილვა, რაც გამოიწვია საქართველოს მხრიდან ჩრდილოეთ კავკასიელებისათვის სავიზო რეჟიმის გამარტივებამ.