ქეთევან ციხელაშვილი: „ჩვენს ახალგაზრდებს კარგად ესმით, რას ნიშნავს ევროატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოსთვის“

29 ივნისი 2017
„ჩვენს ახალგაზრდებს კარგად ესმით, რას ნიშნავს ევროატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოსთვის“, - ამის შესახებ ქეთევან ციხელაშვილმა სტაჟირების საპილოტე პროგრამის მონაწილეებთან შეხვედრაზე განაცხადა, სადაც მან ახალგაზრდებთან საქართველოს ევროატლანტიკური კურსის, ევროკავშირთან ინტეგრაციის და უვიზო მიმოსვლის შესახებ ისაუბრა.

„დღეს ამ ახალგაზრდებს შევხვდით იმისთვის, რომ ვისაუბროთ ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაციის კურსზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ყველა მოქალაქე მაქსიმალურად იყოს ინფორმირებული და მით უფრო ისეთი სეგმენტი, როგორიცაა ასეთი კვალიფიციური ახალგაზრდები. მათ გზა ხსნილი აქვთ, რომ სასურველი მიმართულებით დაიწყონ კარიერა, მიაღწიონ წარმატებას და ჩაებან იმ საქმეში, რასაც საქართველოს ევროპული მომავალი ჰქვია. ძალიან მიხარია, ჩვენს საამაყო სტაჟიორებს - ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ახალგაზრდებს ძალიან კარგად აქვთ გაცნობიერებული, რა სიკეთის მომტანია ეს პროცესი პირადად მათთვის და მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის,“- აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში გამართულ შეხვედრაზე.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ინიციატივით, „1+4“ სტაჟირების პროგრამის ფარგლებში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი სამოცზე მეტი ახალგაზრდა გადის სტაჟირებას სხვადასხვა საჯარო უწყებაში.

შეხვედრაზე, რომელიც სტაჟიორების ინიციატივით შედგა, პროექტის მონაწილეებმა ინფორმაცია მიიღეს ასევე, ნატოს და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის დირექტორის, ნინო ბოლქვაძისგან. მან ახალგაზრდების კითხვებსაც უპასუხა.