ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოსა და რუსეთს შორის შეიქმნა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი. აღნიშნული დისკუსიების ჩამოყალიბების გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად

მას შემდეგ წელიწადში ტარდება 4 რაუნდი.

საქართველოსა და რუსეთის გარდა, მოლაპარაკებებში მონაწილეობას იღებენ აშშ-ს წარმომადგენლები და თანათავმჯდომარეები ეუთოს, ევროკავშივშირის და გაეროს მხრიდან. დისკუსიებში ასევე ჩართულნი არიან ცხინვალის და სოხუმის წარმომადგენლები.

გარდა ამისა, ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილეობენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. აღნიშნული ფორმატის ყველა მონაწილე ინდივიდუალური სტატუსით არის წარმოდგენილი.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები მიმდინარეობს ორ პარალელურ სამუშაო ჯგუფში. პირველში განიხილავენ უსაფრთხოების საკითხებს (მაგალითად, რუსეთსა და საქართველოს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების მიღწევა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა), ხოლო მეორეში - იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების საკითხი, ასევე სხვა ჰუმანიტარული საკითხები (მშობლიურ ენაზე განათლების მიღება, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, საოკუპაციო ხაზზე თავისუფალი გადაადგილება და სხვა).