გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 47-ე შეხვედრა გაიმართა.
მონაწილეებმა წინა შეხვედრის შემდგომ პერიოდში დაფიქსირებული ინციდენტები, გადაადგილების თავისუფლება, გადასასვლელი პუნქტების გაუქმების შედეგად მოსახლეობისთვის შექმნილი პრობლემები და უკანონო დაკავებები განიხილეს.
საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოითხოვეს უკანონოდ დაკავებული მამა-შვილის - არჩილ და პაატა როგავების გათავისუფლება. მათ ასევე კიდევ ერთხელ დააყენეს საქართველოს მოქალაქის - გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში მსჯავრდებულის - რაშიდ კანჯიოღლის დაკავების და მართლმსაჯულების წინაშე წარდგენის საკითხი.
გალში მომდევნო შეხვედრა მიმდინარე წლის 26 ივლისს გაიმართება.
ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მიმდინარე შეხვედრებზე ქართულ მხარეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი წარმოადგენენ.