ქეთევან ციხელაშვილი: სამშვიდობო პროცესში ახალგაზრდების ჩართულობა ჩვენი საზოგადოებების შერიგების ერთ-ერთი წინაპირობაა

29 ივნისი 2017
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური არაფორმალური დიალოგის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე, სადისკუსიო პლატფორმის მონაწილე ახალგაზრდებს შეხვდა.

ქეთევან ციხელაშვილმა შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო მიდგომების, კერძოდ, სამშვიდობო პოლიტიკის 8 მთავარი ამოცანის, შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის პრიორიტეტების, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მიმდინარეობის შესახებ.

„ძალიან მიხარია, რომ საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის, ჩვენი პროექტებისა და ინიციატივების მიმართ ინტერესი მაღალია, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენი საზოგადოების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი - ახალგაზრდები დაინტერესებული არიან ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანით - მშვიდობიანი გაერთიანებითა და ჩვენი საზოგადოებების შერიგებით, რომლებიც გამყოფი ხაზებით, მავთულხლართებითა და კონფლიქტით არიან დღეს დაშორებულნი. ახალგაზრდების არა მხოლოდ ინფორმირება, არამედ სამშვიდობო პროცესში მათი ჩართულობა არის ჩვენი საზოგადოებების შერიგების ერთ-ერთი წინაპირობა. სწორედ ახალგაზრდების ჩართულობა გამყოფი ხაზების ორივე მხრიდან, არის ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება და მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს, მათ შორის ასეთი შეხვედრებითაც, რომ ამგვარი დაინტერესებული ახალგაზრდები მაქსიმალურად ჩაერთონ ამ პროცესებში“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

სახელმწიფო მინისტრმა შეხვედრის მონაწილე ახალგაზრდების კითხვებსაც უპასუხა ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ ურთიერთობებზე, პირდაპირი დიალოგის შესაძლებლობაზე, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე.

პროექტს ახორციელებს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო მშვიდობის განვითარების ცენტრთან ერთად და მასში ჩართული არიან დაინტერესებული ახალგაზრდები საქართველოს ექვსი სხვადასხვა ქალაქიდან.