შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გაეროს პოლიტიკის დეპარტამენტის ევროპის განყოფილების უფროს ოფიცერს ერვან პუშოს შეხვდა.
ქეთევან ციხელაშვილმა კონფლიქტის მოწესრიგების საკითხისადმი საქართველოს მთავრობის მიდგომებზე, სამშვიდობო პოლიტიკის 8 მთავარ ამოცანაზე, შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის პრიორიტეტებზე ისაუბრა. მან გაეროს წარმომადგენელს ასევე მიაწოდა ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე, მათ შორის ადამიანის უფლებათა, განათლების, საკუთრების უფლების კუთხით, ე.წ. პასპორტიზაციის, ასევე დევნილთა დაბრუნების საკითხებზე. სახელმწიფო მინისტრმა პირდაპირი დიალოგის და ნდობის მშენებლობის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება.
შეხვედრაზე ჟენევის დისკუსიებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრების მიმდინარეობაც მიმოიხილეს.
სახელმწიფო მინისტრმა მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ჩართულობისა და პროექტების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და გაეროს წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის. შეხვედრაზე სამომავლო ურთიერთობისა და თანამშრომლობის გაგრძელების პერსპექტივებიც განიხილეს.