ქეთევან ციხელაშვილი სახელმწიფო მინისტრის აპარატის პროექტის „ახალგაზრდები გენდერული თანასწორობისათვის“ ფარგლებში გენდერული თანასწორობის მობილური ჯგუფის წევრებს შეხვდა. სახელმწიფო მინისტრმა და ჯგუფის მონაწილეებმა
პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ჩატარებული შეხვედრები შეაჯამეს.
მობილური ჯგუფის წევრებმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 3 მუნიციპალიტეტის 20 სოფელში ჩატარებულ 33 შეხვედრაზე ოჯახში ძალადობის აღმოფხვრის გზებზე ინფორმაცია 1540 ბენეფიციარს მიაწოდეს.
„ძალიან მიხარია, რომ დღეს თქვენს ჯგუფთან შეხვედრის შესაძლებლობა მაქვს. საქმე და პროექტი, რომელშიც ხართ ჩართული, ემსახურება ჩვენი სახელმწიფოსთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ამოცანას - ეს არის თანასწორობა განურჩევლად ეროვნული, რელიგიური და გენდერული ნიშნისა, რაც ნებისმიერი სხვა მიმართულებით ჩვენი სახელმწიფოს განვითარების ქვაკუთხედია. თქვენ ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო გასწიეთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, ამჯერად სამცხე-ჯავახეთში და თანატოლებთან, მასწავლებლებთან, ასევე თემის ლიდერებთან შეხვედრებზე განიხილეთ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა გენდერული სტერეოტიპები, ოჯახში ძალადობის გავლენა ბავშვებზე, ოჯახში ძალადობის ფორმები, ოჯახში ძალადობის გამომწვევი მიზეზები, რეფერირების მექანიზმები - ცხელი ხაზი და სახელმწიფო სერვისები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეხვედრები იმართებოდა სახელმწიფო ენასთან ერთად, მათ მშობლიურ ენაზეც, რითაც უზრუნველყოფილი იყო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ბენეფიციართათვის გასაგებ ენაზე. ჩვენ ვგეგმავთ ასევე ტრენინგების ციკლს ადრეული ქორწინების შესახებაც, რომელსაც წლის ბოლომდე განვახორციელებთ“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.
ქეთევან ციხელაშვილმა მობილური ჯგუფის წევრებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ჯგუფის გაძლიერება და მხარდაჭერა გაგრძელდება მომდევნო წლებშიც, რათა ჯგუფის წევრები გახდნენ ადგილობრივი აქტივისტები და ლიდერები გენდერული თანასწორობის დაცვის მიმართულებით.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს გაეროს ასოციაციის წარმომადგენელი რუსუდან ჭანტურია დააშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წარმომადგენელი (USAID) თამარ სირბილაძე.
პროექტი 2016 წილს თებერვლიდან ხორციელდება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციტივით და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და საქართველოს გაეროს ასოციაციის „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის“ (PITA) მხარდაჭერით. პროექტის პარტნიორია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი.
„ახალგაზრდები გენდერული თანასწორობისათვის“ მობილური ჯგუფის შექმნის მიზანს წარმოადგენდა საქართველოში ადრეული ქორწინებისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ცნობიერების ამაღლება ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში.
ინიციატივის ფარგლებში შეირჩა 40-მდე ახალგაზრდა, რომლებსაც ჩაუტარდათ სპეციალური მომზადების ტრენინგ-სემინარები (ToT) ტრეფიკინგის სახელმწიფო ფონდისა (Atip Fund) და გენდერის მოწვეული სპეციალისტების მიერ.