პეტრე კანკავამ ეთნიკური უმცირესობების საბჭოს სხდომაში მიიღო მონაწილეობა

5 ივლისი 2017
თელავში კახეთის რეგიონის ეთნიკური უმცირესობების საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელშიც სხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობა მიიღო შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ.

პეტრე კანკავამ სხდომის მონაწილეებს გააცნო სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის სამოქმედო გეგმის ფარგლებში განხორციელებული და დაგეგმილი აქტივობები, ხაზი გაუსვა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების ჩართულობის გაუმჯობესების მიზნით საბჭოს საქმიანობას.

„კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში შექმნილი საბჭოს ფორმატში მუშაობა არის შესანიშნავი შესაძლებლობა ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის ხელშეწყობის თვალსაზრისით, რაც თავის მხრივ, სახელმწიფო პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ.

ეთნიკური უმცირესობების საბჭო, რომელიც რომელშიც კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში 2016 წელს შეიქმნა, განახლებული ფორმატით კახეთის გუბერნატორის, ირაკლი ქადაგიშვილის ინიციატივით შეიკრიბა და ორი წლის განმავლობაში, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებით დასახლებულ რაიონებში გაწეული სამუშაოები შეაჯამა. შეხვედრის მონაწილეებმა ასევე განიხილეს რეგიონში სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით არსებული გამოწვევები და განსაზღვრეს საქმიანობის შემდგომი ნაბიჯები.

შეხვედრა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით გაიმართა და მასში ასევე მონაწილეობდნენ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ნინო ბოლქვაძე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე არჩილ ყარაულაშვილი, სახალხო დამცველის წარმომადგენლები იზაბელა ოსიპოვა და კობა ჩოფლიანი.