ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდებისთვის ორენოვანი მასწავლებლების კონკურსი იწყება

10 ივლისი 2017
ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი, ორენოვანი დამხმარე მასწავლებლების შესარჩევი კონკურსი 10 ივლისიდან 21 ივლისის ჩათვლით ჩატარდება.

პროგრამის პრეზენტაციას 11 ივლისს ვიცე პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი გამართავენ. კონკურსის პრეზენტაცია საქართველოს გაეროს ასოციაციის მხარდაჭერით, 11:30 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ გაიმართება.

კონკურსი სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი პროგრამის “არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარება“ ფარგლებში ტარდება და მასში მონაწილეობა ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის, "1+4" ბაკალავრიატის კურსდამთავრებულებს შეუძლიათ.

შერჩეული დამხმარე მასწავლებლები გადანაწილდებიან ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების არაქართულენოვან სკოლებში, სადაც სახელმწიფო ენის სწავლება განსაკუთრებულ წახალისებას საჭიროებს. ისინი ადგილობრივ მასწავლებლებს დაეხმარებიან ენისა და საგნის ინტეგრირებული გაკვეთილების დაგეგმვასა და ჩატარებაში.