ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის განკუთვნილი, ორენოვანი დამხმარე მასწავლებლების შესარჩევი კონკურსის დეტალები ახალგაზრდებს ვიცე პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავამ და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა გააცნეს.
„ეს კონკურსი, ისევე როგორც ყველა ნაბიჯი, რომელსაც ჩვენ გადავდგამთ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა განათლების ხარისხის გაუმჯობესების კუთხით, არის ძალიან მნიშვნელოვანი. პედაგოგები არიან განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ძირითადი ინსტრუმენტი და ამიტომ ძალიან სასიხარულოა ამ კონკურსის გამოცხადება. დარწმუნებული ვარ, ბევრ ნიჭიერ ახალგაზრდას მოვიზიდავთ და გაუმჯობესებულ ხარისხს მივიღებთ“ - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის, "1+4" ბაკალავრიატის კურსდამთავრებულებს. შერჩეული დამხმარე მასწავლებლები გადანაწილდებიან ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების არაქართულენოვან სკოლებში, სადაც სახელმწიფო ენის სწავლება განსაკუთრებულ წახალისებას საჭიროებს. ისინი ადგილობრივ მასწავლებლებს დაეხმარებიან ენისა და საგნის ინტეგრირებული გაკვეთილების დაგეგმვასა და ჩატარებაში.
დამხმარე მასწავლებლები სკოლებში გადანაწილებამდე გაივლიან ინტენსიურ მომზადებას. მათ ორი წლის განმავლობაში დაენიშნებათ 750 ლარამდე ხელფასი, ხოლო პროგრამის წარმატებულ მონაწილეებს მაგისტრატურაში სწავლა დაუფინანსდებათ.
ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, „განვითარებული, დემოკრატიული ქვეყნის ასაშენებლად, აუცილებელია ყველა ჩვენი თანამოქალაქის თანასწორობა და მაქსიმალური ჩართულობა საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. ამის მიღწევის ერთ-ერთი გზა არის სახელმწიფო ენის ჯეროვნად ფლობა და ამ მიზანს ემსახურება მასწავლებელთა შესარჩევი კონკურსიც, რომელიც პროგრამა „1+4“ მონაწილე ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, თავად გახდნენ ქართული ენისა და შესაბამისი საგნის მასწავლებლები სკოლებში“.
კონკურსი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი პროგრამის “არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარება“ ფარგლებში ჩატარდება.
განაცხადის გაკეთება 21 ივლისის ჩათვლით შესაძლებელია საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე.