ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის „საქართველოს ევროპული გზა“ ღამის სესიას ქეთევან ციხელაშვილი წაუძღვება.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი კონფერენციის თემატურ სესიას: „დღევანდელი უსაფრთხოების არქიტექტურა: რეგიონალური სტაბილურობის უზრუნველყოფა“ უხელმძღვანელებს.
„ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის „საქართველოს ევროპული გზა“ ჩატარება უკვე ტრადიციად იქცა. დღეს ამ კონფერენციაზე არის საქართველოს ბევრი პარტნიორი, მეგობარი და ევროინტეგრაციის კურსის მხარდამჭერი. ეს ღონისძიება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ევროპული ინტეგრაცია არის მყარი და შეუქცევადი კურსი, რომელიც არჩეული აქვს არა მხლოდ საქართველოს ხელისუფლებას, არამედ ქართულ საზოგადოებას“, - აცხადებს ქეთევან ციხელაშვილი.
სახელმწიფო მინისტრის გარდა სესიის აუდიტორიას სიტყვით მიმართავენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, პოლიტიკური ანალიტიკოსი ლინკოლნ მიტჩელი, პოლიტიკოსები, ანალიტიკოსები, მკვლევარები ლიტვის, პოლონეთის რესპუბლიკებიდან. სესია კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება.
ბათუმში დღეს საერთაშორისო კონფერენცია, „საქართველოს ევროპული გზა“ გაიხსნა, რომლის მთავარი თემა წელს რეგიონალური სტაბილურობის უზრუნველყოფა იქნება.
საერთაშორისო კონფერენცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით წელს უკვე მეთოთხმეტედ იმართება და მასში საქართველოს, ევროკავშირის და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი ქვეყნების აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, პარლამენტარები, ასევე, სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური წრეების, მედიისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობენ.
კონფერენცია გახსნა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ გახსნა. კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა მაროშ შევჩოვიჩმა და ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ვაზილ ჰუდაკმა.