შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის „საქართველოს ევროპული გზა“ სესიაზე სიტყვით გამოვიდა. სამუშაო სესია, რომლის მთავარი თემა იყო „დღევანდელი უსაფრთხოების არქიტექტურა: რეგიონალური სტაბილურობის უზრუნველყოფა“ ქეთევან ციხელაშვილის მოდერატორობით წარიმართა.
ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, „როდესაც ევროპულ ინტეგრაციაზე ვსაუბრობთ, ბუნებრივია, ერთ-ერთი მთავარი საკითხი არის უსაფრთხოება რეგიონში და რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანაში. განგრძობადი ოკუპაცია, ბანერების აღმართვა, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სხვადასხვა ფორტიფიკაციების მშენებლობა, ადამიანების უკანონო დაკავება, მიწაზე წვდომის შეზღუდვა, სხვადასხვა ტიპის პროვოკაციები, რომელთაც რეგულარულად ვხედავთ 2008 წლის შემდეგ, არის გამოწვევა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთლიანად რეგიონული და ევროპული უსაფრთხოებისთვის.“
სახელმწიფო მინისტრმა თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა, რომ ამგვარი ვითარება, გადაუჭრელი კონფლიქტები, განგრძობადი ოკუპაცია და რეალურად მიმდინარე რუსიფიკაციის პროცესი არ არის ლოკალური და მხოლოდ ერთი ქვეყნის პრობლემა.
„რეგიონში აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნიდან ხუთ ქვეყანას აქვს გადაუჭრელი კონფლიქტი, რომლებშიც პირდაპირი მონაწილეობა ან მხარდაჭერაა რუსეთის ფედერაციის მხრიან და ამ ფონზე გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მთლიანად ევროპისთვის და ევროპული უსაფრთხოებისათვის გადაუჭრელი კონფლიქტების მოგვარებაზე მუშაობას“,- აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა
სამუშაო სესიაზე სახელმწიფო მინისტრთან ერთად აუდიტორიას სიტყვით მიმართეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, პოლიტიკური ანალიტიკოსმა ამერიკის შეერთებული შტატებიდან ლინკოლნ მიტჩელმა, ლიტვაში ევროკომისიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, არნოლდას პრანცკევიჩუსმა, ანალიტიკოსმა და მკვლევარმა სომხეთის რესპუბლიკიდან დავით შაჰნაზარიანმა.
სესია გამომსვლელთა და აუდიტორიას შორის აქტიური დისკუსიის რეჟიმში წარიმართა.