ქეთევან ციხელაშვილი ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის „საქართველოს ევროპული გზა“ ფარგლებში ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთოს უმაღლესი კომისრის ოფისის დირექტორს, კომისრის მოვალეობის შემსრულებელს ჰენრიკ ვილადსენს შეხვდა. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა და უმაღლესი კომისრის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა უფლებების დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესი განიხილეს.
სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, რომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა ინტეგრაციისა და ქვეყნის სხვადასხვა სფეროში სრულფასოვანი ჩართულობის ხელშეწყობა სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება და პრიორიტეტია.
შეხვედრაზე აღინიშნა ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში მნიშვნელოვანი პროგრესი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთათვის განათლებასა და ინფორმაციაზე წვდომის, სახელმწიფო ენის სწავლების მიმართულებებით. ქეთევან ციხელაშვილმა ასევე, აღნიშნა, რომ სახელწმიფო მაქსიმალურად უჭერს მხარს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს საკუთარი კულტურული იდენტობის წარმოჩენასა და განვითარებაში.
სახელმწიფო მინისტრმა ჰენრიკ ვილადსენს ასევე მიაწოდა ინფორმაცია, რომ ევროპის საბჭოს უკვე წარედგინა ეთნიკურ უმცირესობათა დაცვის ჩარჩო-კონვენციის მესამე პერიოდული მონიტორინგის ციკლის ფარგლებში შემუშავებული ანგარიში.