შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან ერთად ახალქალაქში საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე, რომელსაც ახალქალაქიდან და ნინოწმინდიდან ადგილობრივი თვითმმართველობების, არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლები, ასევე ადგილობრივი მეწარმეები და ფერმერები ესწრებოდნენ, პეტრე კანკავამ სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ისაუბრა. სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ „სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიით და 2015-2020 წწ. სამოქმედო გეგმით“ განსაზღვრული ყველა მიმართულებით პროგრესი აღინიშნება. მან ასევე ისაუბრა იმ სიკეთეების შესახებ, რასაც ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობა ადგილობრივ წარმოებას და მთლიანად მოსახლეობას მოუტანს.
ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებიდან ხელშეკრულებიდან მომდინარე სარგებლის, მათ შორის სოფლის მეურნეობის მიმართულებით შესაძლებლობების შესახებ ადგილობრივებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ არჩილ ყარაულაშვილმა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელმა ლაშა ინაურმა და პროგრამა „აწარმოე საქართველოს” წარმომადგენელმა ოთარ ანთიამ.
„ჩვენ ვისაუბრეთ ამ შესაძლებლობებზე და სარგებელზე. დღევანდელ შეხვედრაზე ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლებს ასევე დეტალურად მივაწოდეთ ინფორმაცია სახელმწიფო მინისტრის აპარატის კომპეტენციის ფარგლებში სამოქალაქო ინტეგრაციის კუთხით განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. ჩვენი აპარატი აგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას, კვლავაც დაგეგმილია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებით დასახლებულ რეგიონებში სხვადასხვა, მოსახლეობისთვის აქტუალური თემატიკის საინფორმაციო შეხვედრების გამართვა“, - განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ.
შეხვედრა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით და ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოების მხარდაჭერით გაიმართა.