„თუ იზრდება ბარიკადები და დაბრკოლებები, ჩვენ ორმაგად მეტი ძალისხმევა გვჭირდება მათ დასაძლევად და ბარიკადებით გახლეჩილი საზოგადოებების ერთმანეთთან დასაკავშირებლად“, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელების მიზნით შექმნილი სამთავრობო კომისიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე განაცხადა.
სამთავრობო კომისია დღეს, მთავრობის კანცელარიაში, სახელმწიფო მინისტრის ხელმძღვანელობით შეიკრიბა. შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და გამყოფი ხაზების მიმდებარედ არსებული ვითარება. ასევე საქართველოს მთავრობის შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები, აღნიშნული პოლიტიკის ფარგლებში გადადგმული და დაგეგმილი ნაბიჯები.
ქეთევან ციხელაშვილის თქმით: „სახელმწიფოს გააჩნია ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩართულობის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა და ამ სამოქმედო გეგმის ფარგლებში არაერთი ღონისძიება ხორციელდება. სახელმწიფოს ერთერთ მთავარ პრიორიტეტად, კვლავ რჩება გამყოფი ხაზების სიახლოვეს მცხოვრები და ხელოვნური ბარიერების აღმართვით დაზარალებული ჩვენი მოსახლეობის დახმარება, მათი გვერდში დგომა, იმ პროექტების განხორციელება, რომელიც უკავშირდება გაზიფიკაციას, სასმელი და საირიგაციო წყლით უზრუნველყოფას, განათლების და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას“.
ქეთევან ციხელაშვილმა წარმოადგინა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის კოორდინირებით ორივე ოკუპირებულ რეგიონში განხორციელებული სხვადასხვა ჯანდაცვის, განათლების, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, სოფლის მეურნეობის, ახალგაზრდობის მიმართულების პროექტების ანგარიში და სამუშაო ჯგუფის წევრებს გააცნო სამომავლო გეგმები.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს მთავრობის შერიგების და ჩართულობის პოლიტიკის ეფექტიანი განხორციელებისთვის ყველა სახელმწიფო უწყების ერთიანი და კოორდინირებული ძალისხმევის აუცილებლობას.
„ეს პროექტები გაგრძელდება და იქნება ჩვენთვის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი, იმისათვის, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე წარმოქმნილი გამოწვევების მიუხედავად ადამიანები დამაგრდნენ საკუთარ მიწაზე და რეალურად შეექმნათ განვითარების ალტერნატიული შესაძლებლობები.“ - აცხადებს ქეთევან ციხელაშვილი.