ქეთევან ციხელაშვილმა სახელმწიფო მინისტრის პოსტზე ერთწლიანი მუშაობის შედეგები არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრაზე შეაჯამა

2 აგვისტო 2017
ქეთევან ციხელაშვილი კონფლიქტების მიმართულებით მომუშავე ექსპერტებს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა და სახელმწიფო მინისტრის პოსტზე ერთწლიანი მუშაობის შედეგები შეაჯამა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შეხვედრაზე ისაუბრა საქართველოს მთავრობის შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის პრიორიტეტებისა და ძირითადი მიმართულებების, აღნიშნული პოლიტიკის ფარგლებში გადადგმული და დაგეგმილი ნაბიჯების, ოკუპირებულ ტერიტორიებსა და გამყოფი ხაზების მიმდებარედ არსებული ვითარების შესახებ.

“მნიშვნელოვანია, რომ სამშვიდობო პროცესებში ჩართული ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციები ჩვენი საქმიანობის შესახებ სრულად იყვნენ ინფორმირებული. დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილავთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას, გამოწვევებს რომლის წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა, ოკუპაციის პროცესს და მასთან გამკლავების გზებს, ინიციატივებს და გეგმებს რაც აქვს საქართველოს მთავრობას და ჩვენს აპარატს“ განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა შეხვედრის დაწყებისას

შეხვედრა საინტერესო დისკუსიის ფორმატში წარიმართა და სახელმწიფო მინისტრმა მონაწილეებისთვის აქტუალურ კითხვებსაც უპასუხა.

ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, „დღეს, ოკუპაციის პროცესი დინამიურია და აქვს არა მცოცავი, არამედ ღია სახე. რაც უფრო წარმატებულია ჩვენი პოლიტიკა, მით უფრო იზრდება საპირისპირო მხარის წინააღმდეგობა. უკანასკნელ წლებში ეს პროგრესი აშკარაა, შესაბამისად, ჩვენ ჩვენი პარტნიორებისგან ვითხოვთ ორმაგ ძალისხმევას, რათა გაგრძელდეს არსებული ტენდენცია. ჩვენ საქმიანობაში, მნიშვნელოვანი როლი აკისრია სახალხო დიპლომატიასა და სამოქალაქო საზოგადოებას“.