შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე, პეტრე კანკავა დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში „1+4“ სტაჟირების პროგრამის მონაწილეების გაცილების ღონისძიებას დაესწრო.
ორხან ზეინალოვმა, ნოვრასტა მუსტაფაევა, იასინ ბედიევმა და ნარეკ კურღიანიანმა სტაჟირება თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში, სამი თვის განმავლობაში სხვადასხვა განყოფილებებში გაიარეს.
„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა ჩავრთულიყო ამ პროგრამაში. სტაჟირება გავიარე თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში და მიუხედავად დროის მოკლე პერიოდისა, ძალიან ბევრი რამ ვისწავლე, რაც ვფიქრობ, გამომადგება მომავალში. მადლობას ვუხდი პროგრამის ინიციატორებს და თავდაცვის აკადემიას ასეთი მიღებისთვის და იმ გამოცდილებისთვის, რაც აქ შევიძინე“.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის ინიციატივით, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდებისათვის სტაჟირების საპილოტე პროგრამა „1+4“ 2017 წლის მაისში დაიწყო. სტაჟირება, 20-მდე საჯარო უწყებაში 65-მა ახალგაზრდამ გაიარა.
„ჩვენი ამოცანაა, ყველა ჩვენი თანამოქალაქე ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, იყოს თანასწორი ჩვენს საერთო სამშობლოში და ჰქონდეს შესაძლებლობა, დასაქმდეს და ჩაერთოს საზოგადოებრივი ცხოვრების ნებისმიერ სფეროში. ამ მიზნით, საქართველოს გაეროს ასოციაციასთან მჭიდრო თანამშრომლობით ჩვენი აპარატის ინიციატივით შეიქმნა სტაჟირების საპილოტე პროგრამა, რომელიც წარმატებით განხორციელდა“ - განაცხადა პეტრე კანკავამ.
მან ასევე მადლობა გადაუხადა თავდაცვის ეროვნულ აკადემიას სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ ინიცირებულ პროექტში მონაწილეობისთვის.
თავდაცვის ეროვნული აკადემიის რექტორი პოლკოვნიკი ზაზა ჯაფარიძე სტაჟიორებს პირადად გამოემშვიდობა და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.