შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში იმყოფებოდა. ქეთევან ციხელაშვილმა გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში - წითელუბანსა და დიცში განხორციელებული და მიმდინარე ინფრასტუქტურული პროექტები დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
სახელმწიფო მინისტრმა წითელუბანში ადგილობრივებს მიაწოდა ინფორმაცია შესრულებული სამუშაოების შესახებ და განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში სასმელი წყლის ახალი ჭაბურღილიდან წყალს 700-მდე მოსახლე მიიღებს.
„დღეს ჩამოვედით სოფლებში, რომლებთანაც ძალიან ახლოს არის საოკუპაციო ხაზი და ბანერები. ეს დაბრკოლებები წლების განმავლობაში ადგილობრივ მოსახლეობას მძიმე გამოწვევებსა და პრობლემებს უქმნის. ეს ადამინები წლების განმავლობაში უყურადღებოდ იყვნენ მიტოვებულნი. ჩვენ გამყოფი ხაზების მიმდებარე სოფლების საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის საქმიანობის ფარგლებში ბოლო 4 წლის განმავლობაში მოსახლეობის პირობების გაუმჯობესებისთვის კომპლექსური პროგრამა განვახორციელეთ. რა თქმა უნდა, რჩება ბევრი გამოწვევა, მაგრამ ჩვენ ვაპირებთ ძალიან აქტიურად გავაგრძელოთ კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაზე ზრუნვა, დავუდგეთ გვერდით ამ ადამიანებს, რომლებიც მავთულხლართების პირისპირ ძალიან მძიმე გამოწვევებს გმირულად უმკლავდებიან და არ აძლევენ საშუალებას ამ პროვოკაციებს, გადაიზარდოს დაპირისპირებაში და დესტაბილიზაციაში. ჩვენ ვიქნებით ამ ადამიანების გვერდით, რომ გავაძლიეროთ ისინი და ერთად ვიმოძრაოთ განვითარებისაკენ’, - აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.
ქეთევან ციხელაშვილი წითელუბნის შემდეგომ სოფელ დიცს ესტუმრა, სადაც მოსახლეობას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან ზურაბ ალავიძესთან ერთად შეხვდა. მინისტრებმა ადგილობრივებს ინფორმაცია მიაწოდეს როგორც განხორციელებულ, ისე დაგეგმილ სამუშაოებზე და მათი პრობლემების შესახებ მოისმინეს.