ქეთევან ციხელაშვილი: „აუცილებლად დადგება დრო, როდესაც ამ მავთულხლართების ნარჩენები თქვენი მუზეუმის ექსპონატად იქცევა“

8 აგვისტო 2017
„აუცილებლად დადგება დრო, როდესაც ამ მავთულხლართების ნარჩენები თქვენი მუზეუმის ექსპონატად იქცევა“, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა სოფელ ერგნეთში „2008 წლის აგვისტოს მუზეუმის“ გახსნის ცერემონიაზე განაცხადა.   მუზეუმი გაიხსნა ადგილობრივი მოსახლის - ლია ჩლაჩიძის სახლის სარდაფში, რომელი ომის დროს სრულად იყო განადგურებული.    „დღეს ოკუპაციის ცოცხალ მუზეუმად არის ქცეული მავთულხლართებით შემოფარგლული საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტზე მეტი. მავთულხლართებით იზოლირებული ადამიანები კი საოკუპაციო პოლიტიკის მძევლად არიან ქცეულნი. აუცილებლად დადგება დრო, როდესაც ამ მავთულხლართების ნარჩენები თქვენი მუზეუმის ექსპონატად იქცევა.  ომის მძიმე მემკვიდრეობას აუცილებლად ჩავაბარებთ წარსულს, რადგან ჩვენ ვმოძრაობთ მომავლისკენ და ეს მომავალი არის მშვიდობიანი, განვითარებული, ერთიანი ევროპული საქართველო, სადაც ყველა მოქალაქის იდენტობა, თვითმყოფადობა და უფლებები დაცულია“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.   მან ასევე აღნიშნა, რომ ომის და ოკუპაციის სიმძიმე ქართულ საზოგადოებას არა მხოლოდ ახსოვს, არამედ ყოველდღიურად განიცდის, მათ შორის ერგნეთსა და მიმდებარე სოფლებში.   „ჩვენ ვეცდებით, გვერდით დაგიდგეთ, ეს მუზეუმი ძალიან მნიშვნელოვანია. აქ  უცხოელ სტუმრებსაც ექნებათ საშუალება, ნახონ, რა განსაცდელი გამოვიარეთ  9 წლის წინ და რა ტკივილით ვცხოვრობთ, ვიდრე მივაღწევთ ჩვენი ქვეყნის გამთლიანებას მშვიდობიანი გზით. ეს ექსპონატები კიდევ ერთხელ ყველას შეახსენებს, რომ აღარ უნდა დავუშვათ ომი და სისხლისღვრა. ჩვენი მთავარი ამოცანაა, შევინარჩუნოთ მშვიდობა და ვიმოძრაოთ კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიანი გზით“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.   სახელმწიფო მინისტრმა მუზეუმის ჩანაწერების წიგნში ჩანაწერიც გააკეთა.   მუზეუმის ხელმძღვანელმა ლია ჩლაჩიძემ მუზეუმის შექმნის შესახებ ისაუბრა.    „ეს მუზეუმი გავხსენით სახლის სარდაფში, რომელი ომის დროს მთლიანად დაიწვა.  სარდაფშიც კი საშინელი ცეცხლი ტრიალებდა. ექსპონატებიც ასევე ომის შედეგად დაზიანებულ სახლებშია შეგროვილი. მუზეუმის გახსნის იდეის განხორციელებაში ბევრი ადამიანი დამიდგა გვერდით და მადლობა მათ ამისთვის“, - განაცხადა ლია ჩლაჩიძემ.   დღესვე ქეთევან ციხელაშვილმა გორში, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და ომში დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო.