ახალქალაქში, სომხურ ეპარქიაში სახელმწიფო ენის შემსწავლელი კურსი გაიხსნა

9 აგვისტო 2017
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციტივით, ახალქალაქში, სომხურ ეპარქიაში სახელმწიფო ენის შემსწავლელი კურსი გაიხსნა. ეპარქიაში ჩატარებული ღია გაკვეთილის მონაწილეებს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე პეტრე კანკავა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური მიესალმნენ. პეტრე კანკავამ სახელმწიფო ენის ფლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„მივესალმებით სომხური ეპარქიის სურვილს, გაიხსნას სახელმწიფო ენის შემსწავლელი კურსი და შეიქმნას ასეთი შესაძლებლობა, რადგან სახელმწიფო ენის ფლობა თითოეული მოქალაქის სრულფასოვანი ინტეგრაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის გზა წარმატებისკენ. ჩვენ ვცდილობთ, შევქმნათ პირობები იმისთვის, რომ ქართული ენის შესწავლა მაქსიმალურად იყოს ხელმისაწვდომი და სწორედ ამ მიზნით იხსნება ახალქალაქის სომხურ ეპარქიაში სახელმწიფო ენის შემსწავლელი კურსი. მსურს, წარმატებები გისურვოთ და დარწმუნებული ვარ, ამ კურსს ბევრი მსმენელი ეყოლება. ეს არის კარგი მაგალითია სხვა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისათვის“, - განაცხადა პეტრე კანკავამ.

ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ პარლამენტის წევრი სამველ მანუკიანი, სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორი ქეთევან მახარაშვილი, სომხური ეპარქიის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

კურსი ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის მხარდაჭერით გაიხსნა.

სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ღონისძიების მონაწილეებთან და სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან აკაკი მაჭუტაძესთან ერთად ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლის კუმურდოს ახალაშენებულ საჯარო სკოლასაც ესტუმრა.