ქეთევან ციხელაშვილი: „შინდისის გმირებმა აჩვენეს ისეთი გმირობა და თავდადება, რომელთა შესახებაც ისტორიის სახელმძღვანელოებში ვკითხულობთ“

11 აგვისტო 2017
„შინდისის გმირებმა აჩვენეს ისეთი გმირობა და თავდადება, რომელთა შესახებაც ისტორიის სახელმძღვანელოებში ვკითხულობთ“, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შინდისში, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირების მემორიალთან განაცხადა.

ქეთევან ციხელაშვილმა მემორიალი გვირგვინით შეამკო და გმირების ხსოვნას პატივი მიაგო.

„9 წლის წინ ამ ადგილზე უმძიმესი ბრძოლა გაიმართა. ქართული ოცეულის შემადგენლობა თავგანწირვით შეებრძოლა რაოდენობრივად გაცილებით მეტ მოწინააღმდეგეს. ისინი სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოდნენ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისათვის. ამ ბრძოლას 17 ახალგაზრდის სიცოცხლე შეეწირა. მათ აჩვენეს ისეთი გმირობა და თავდადება, რომელთა შესახებაც ისტორიის სახელმძღვანელოებში ვკითხულობთ და რაზეც დგას საქართველოს სახელმწიფოებრიობა. დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ და ქედს ვიხრით შინდისის გმირების ხსოვნის წინაშე. მათი სახელები იქნება საქართველოს ისტორიაში და ჩვენს გულებში. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას, მხოლოდ მშვიდობიანი გაზით იმისათვის, რომ აღარ დაიღვაროს ასეთი რჩეული ახალგაზრდების სისხლი და მივაღწიოთ იმ ამოცანას, რომლისთვისაც შინდისის გმირებმა საკუთარი სიცოცხლე გასწირეს. ეს ამოცანა არის ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია, მშვიდობიანი გაერთიანება და მავთულხლართებით დაშორიშორებული საზოგადოებების შერიგება“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

სახელმწიფო მინისტრი მემორიალთან შეკრებილ, გმირების ოჯახების წევრებსაც ესაუბრა და მათ კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ახალგაზრდების მიერ ქვეყნის წინაშე გამოჩენილი თავდადებისთვის.