ქეთევან ციხელაშვილი: „გერმანიას განსაკუთრებით კარგად ესმის, რას ნიშნავს ბარიკადებით საზოგადოების გაყოფა და ამ პირობებში ადამიანებს შორის კონტაქტების წახალისება“

15 აგვისტო 2017
„გერმანიას განსაკუთრებით კარგად ესმის, რას ნიშნავს ბარიკადებით საზოგადოების გაყოფა და ამ პირობებში ადამიანებს შორის კონტაქტების წახალისება“, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა გერმანიის ბუნდესტაგის წევრთან, ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის/ქრისტიან-სოციალური კავშირის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილესთან, ფრანც იოზეფ იუნგთან შეხვედრაზე განაცხადა.

ქეთევან ციხელაშვილმა სტუმარს გააცნო კონფლიქტების მოგვარების საკითხისადმი საქართველოს მთავრობის სამშვიდობო მიდგომები და ხედვები, შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტები. სახელმწიფო მინისტრმა ფრანც იოზეფ იუნგს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მათ შორის ადამიანის უფლებების დარღვევების კუთხით შექმნილი ვითარების, გამყოფ ხაზებზე არსებული მდგომარეობის, ხელოვნური ბარიერების გავლებისა და გადაადგილების შეზღუდვის შედეგად მოსახლეობისთვის შექმნილი პრობლემების, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მიმდინარეობის შესახებ.

ქეთევან ციხელაშვილმა გერმანიის მხარდაჭერისა და ორმხრივი ურთიერთობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„არსებული მწვავე გამოწვევების ფონზე მშვიდობის შენარჩუნება ჩვენი ყოველდღიური სამუშაოა. გერმანიას განსაკუთრებით კარგად ესმის, რას ნიშნავს ბარიკადებით საზოგადოების გაყოფა და ამ პირობებში ადამიანებს შორის კონტაქტების წახალისება. თქვენი ქვეყანა ჩვენი მჭიდრო პარტნიორია. გერმანია და მთლიანად ევროკავშირი მნიშვნელოვან როლს ასრულებს სამშვიდობო პროცესში და მადლობას გიხდით ამ მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით გადადგმულ და დაგეგმილ ნაბიჯებზე.

გერმანიის ბუნდესტაგის წევრმა სამომავლო მხარდაჭერისა და თანამშრომლობის გაღრმავებისთვის მზაობა დაადასტურა.