30 აგვისტო, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე

30 აგვისტო 2017
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ, პეტრე კანკავამ უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მზიურის პარკში გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
„დღეს ჩვენ შევიკრიბეთ, რათა კიდევ ერთხელ გავიხსენოთ და პატივი მივაგოთ საქართველოში, სხვადასხვა დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულებს, ვანუგეშოთ მათი ოჯახის წევრები და ახლობლები, გავიზიაროთ მათი ტკივილი. ჩვენი მიზანია, პირველ რიგში, გავაკეთოთ ყველაფერი, რათა მოვიძიოთ უგზო-კვლოდ დაკარგული ადამიანები ან მათი ნეშტები, ასევე, მხარი დავუჭიროთ და დავეხმაროთ დაკარგულთა ოჯახებს“, განაცხადა პეტრე კანკავამ
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა , რომ უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების პროცესი, თავის მხრივ, ქართულ, ოსურ და აფხაზურ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენას ემსახურება.
საქართველოში 90-იანი წლების კონფლიქტების და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად 2 300-ზე მეტი პირი დღემდე დაკარგულად ითვლება.
ღონისძიება ფონდი „მოლოდინის“ და საქართველოში „წითელი ჯვრის“ ინიციატივით გაიმართა.