შეხვედრა ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის პოლიტიკურ მრჩეველებთან

8 სექტემბერი 2017
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომდგენლის ოფისის პოლიტიკურ მრჩეველებს შეხვდა. ქეთევან ციხელაშვილმა შეხვედრა გამართა ბიორნ კიუნესთან, ტომ ტრიერთან და ემანუელ ანკეტილთან.

შეხვედრაზე საქართველოს მთავრობის სამშვიდობო მიდგომების, შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრეს. სახელმწიფო მინისტრმა სტუმრებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე და განგრძობითი ოკუპაციის პირობებში არსებულ საფრთხეებსა და გამოწვევებზე.

ყურადღება გამახვილდა გალის რაიონში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე, მათ შორის ადამიანის უფლებათა დარღვევების კუთხით შექმნილ ვითარებაზე. მხარეებმა ასევე განიხილეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მიმდინარეობა და მის ფარგლებში განსახილველი საკითხები. სახელმწიფო მინისტრმა დისკუსიების ფორმატში და ზოგადად, სამშვიდობო პროცესში ევროკავშირის როლის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და სტუმრებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.