ქეთევან ციხელაშვილი: „ამერიკასთან სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს აძლევს საშუალებას შეინარჩუნოს სტაბილურობა“

13 სექტემბერი 2017
„ამერიკასთან სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს აძლევს საშუალებას შეინარჩუნოს სტაბილურობა“, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თბილისში მიმდინარე კონფერენციაზე „მსოფლიო ქაოსში: დემოკრატიის, ტრანსატლანტიკური ურთიერთობების, ევროპის და ახლო აღმოსავლეთის მომავალი“ განაცხადა.

ქეთევან ციხელაშვილმა აშშ ახალი ადმინისტრაციის მხრიდან საქართველოს და მისი ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდამჭერი გზავნილები და ქმედითი ნაბიჯები დეტალურად მიმოიხილა.

„იმ გამოწვევების ფონზე, რომლებიც საქართველოს და რეგიონს რუსული აგრესიისა და რუსეთის დესტრუქციული პოლიტიკის შედეგად გააჩნია, ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ნამდვილად აძლევს საშუალებას შეინარჩუნოს სტაბილურობა, გააგრძელოს დემოკრატიული კონსოლიდაცია და ეკონომიკური განვითარება. ჩვენთვის აშშ არის უახლოესი სტრატეგიული პარტნიორი. ეს თანამშრომლობა უკვე 25 წელიწადია, გრძელდება. პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, ამ თანამშრომლობამ ახალი, დამატებითი დინამიკა შეიძინა. ჩვენ ძალიან ბევრი, მაღალი დონის შედეგიანი შეხვედრა გვქონდა პირველივე კვირებიდან. მოვისმინეთ ძალიან მკაფიო, ძალიან მძლავრი მხარდამჭერი გზავნილები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და რუსული აგრესიის საწინააღმდეგოდ, როგორც არა მხოლოდ პოლიტიკური განცხადებების დონეზე. კონგრესში საკანონმდებლო დონეზე მიღებულ იქნა არაერთი გადაწყვეტილება და აქტი, რომელშიც ასახულია არა მხოლოდ მკაფიო პოზიციები, არამედ შეიცავს კონკრეტულ ქმედებებს, როგორიც არის ბიუჯეტიდან თანხის მოჭრა ყველა იმ აქტორისთვის, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას. ასევე, ამერიკის შეერთებული შტატების სანქცია რუსეთის წინააღმდეგ სწორედ იმიტომ ხორციელდება, რომ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია გახლავთ მიუღებელი. საერთო ჯამში, ჩვენ ტრამპის ადმინისტრაციისგან მივიღეთ ძალიან მკაფიო მნიშვნელოვანი მხარდაჭერა და მძლავრი გზავნილები. ძალიან მნიშვნელოვანია სიცხადე და პრინციპულობა, მოქმედება რუსეთთან მიმართებით, რადგან, სამწუხაროდ, რუსული აგრესია არის ასევე ცხადი და ძალიან აქტიური”, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

სახელმწიფო მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ რეგიონში მდგრადი მშვიდობისთვის აუცილებლია კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგებისაკენ საერთო ძალისხმევის მიმართვა.

„იმისათვის, რომ რეგიონში, ჩვენს ქვეყანაში და ევროპაში იყოს მდგრადი მშვიდობა და სტაბილურობა, აუცილებელია საერთო ძალისხმევის მიმართვა კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგებისადმი, რამდენადაც გადაუჭრელი კონფლიქტები არის არასტაბილურობის ფაქტორი და რუსეთისათვის გავლენის მთავარი ბერკეტი სამეზობლოში და მის მიღმა. ამიტომ აუცილებელია, აღქმული იქნას ამ პრობლემის მასშტაბი. ეს არ არის ერთი ქვეყნის პრობლემა - არც საქართველოს და არც უკრაინის. ეს არის მთლიანად რეგიონის უსაფრთხოების საკითხი“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.