პეტრე კანკავამ მარნეულის მეორე და მესამე საჯარო სკოლების მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

15 სექტემბერი 2017
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ მარნეულის მუნიციპალიტეტის №2 და №3 საჯარო სკოლების მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.

„თითოეულ თქვენთაგანს გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას და გისურვებთ წარმატებებს! მინდა, ზოგადი განათლების ეს საფეხური, რომელსაც თქვენ დღეს შეუდექით, იყოს თქვენი წარმატებების, წინსვლის მნიშვნელოვანი წინაპირობა. მინდა იყოთ ლაღები და ბედნიერები! სახელმწიფო ძალისხმევას არ დაიშურებს, რომ ყველა ბავშვს, ახალგაზრდას საკუთარი ნიჭისა და უნარების რეალიზების თანაბარი შესაძლებლობა მიეცეს. მახარებს ის ფაქტი, რომ სკოლებში ერთად სწავლობს სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენელი. დღეს ჩვენ ვიხილეთ კულტურათა შთამბეჭდავი დიალოგი, მოვისმინეთ ქართული და აზერბაიჯანული ფოლკლორის შესანიშნავი შესრულება, მოხიბლული ვარ სახელმწიფო ენის ცოდნის დონით. ჩვენ თქვენთან ერთად ვაშენებთ ერთიან, ძლიერ სახელმწიფოს! “ - აღნიშნა პეტრე კანკავამ.

მარნეულელმა მოსწავლეებმა სტუმრებს ღონისძიებით უმასპინძლეს, რომელზეც ქართული და აზერბაიჯანული სიმღერები და ცეკვები შეასრულეს. პეტრე კანკავასთან ერთად, სწავლის დაწყებისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებს საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩი დურსუნ ჰასანოვი, ქვემო ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოადგილე ზაურ დარგალი, პარლამენტის წევრი რუსლან გაჯიევი და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები დაესწრნენ.