ქეთევან ციხელაშვილი ევროსაბჭოს პოლიტიკურ საკითხთა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს შეხვდა

18 სექტემბერი 2017
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ევროპის საბჭოს პოლიტიკურ საკითხთა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს დანილ ხოშაბოს შეხვდა. შეხვედრაში ევროსაბჭოს პოლიტიკურ საკითხთა დეპარტამენტის მრჩეველი მარსელ კაპიც მონაწილეობდა.

სახელმწიფო მინისტრმა ევროპის საბჭოს წარმომადგენლებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ვითარებაზე მიაწოდა ინფორმაცია.

ქეთევან ციხელაშვილმა ყურადღება გაამახვილა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე, გალისა და ახალგორის რაიონებში საკუთრებისა და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების შეზღუდვებზე, გამყოფ ხაზებზე თავისუფალი გადაადგილების, უკანონო დაკავებებსა და სხვა ჰუმანიტარული გამოწვევებზე.

მხარეებმა ასევე, განიხილეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრების მიმდინარეობა. ქეთევან ციხელაშვილმა ნდობის აღდგენის მიმართულებით ევროპის საბჭოს პროექტების და მთლიანად, სამშვიდობო პროცესში ევროსაბჭოს ჩართულობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და სტუმრებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

სახელმწიფო მინისტრმა სტუმრებს საქართველოს მთავრობის სამშვიდობო მიდგომების, შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

შეხვედრის მიზანს საქართველოში კონფლიქტის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მე-16 კონსოლიდირებული ანგარიშისთვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება წარმოადგენდა.