პეტრე კანკავამ საერთაშორისო ბანაკის გახსნაში მიიღო მონაწილეობა

19 სექტემბერი 2017
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილემ ბაზალეთში საერთაშორისო ბანაკის - Connecting Youth Through Art: EU-EaP Summer Camp 2017 გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

პეტრე კანკავამ აღნიშნა, რომ პროექტში სხვა თანატოლებთან ერთად მონაწილეობენ ახალგაზრდები აფხაზისა და ცხინვალის რეგიონებიდან.

„აუცილებლია ახალგაზრდებს შორის კონტაქტები და შეხვედრები. სწორედ თქვენ ხართ ის ძალა, რომელსაც უმნიშვნელოვანესი როლის შესრულება შეუძლია კონფლიქტის საბოლოო გადაჭრის, დაპირისპირების აღმოფხვრისა და შერიგების პროცესში. სასიხარულოა, რომ ეს თაობა ირჩევს ჯანსაღ, მტრული განწყობებისგან თავისუფალ ურთიერთობებს, ხელოვნების გზას და უკეთეს მომავალს. აქ ერთად არიან სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები, ეცნობიან ერთმანეთის კულტურას. ჩვენ ყველა ვიზიარებთ ევროპულ ღირებულებებს და ეს არის კიდევ ერთი ძლიერი ფაქტორი, რომელიც გვაერთიანებს. ჩვენ ვაშენებთ ამ ღირებულებებზე დაფუძნებულ სახელმწიფოს, სადაც დაცულია ყველა მოქალაქის უფლებები, ყველა ეთნიკური ჯგუფის ინტერესები და თვითმყოფადობა“, - განაცხადა პეტრე კანკავამ

საერთაშირისო ბანაკი მიზნად ისახავს ინტერკულტურული მეგობრობის გაღრმავებას, არაფორმალური დიალოგისათვის პლატფორმის შექმნას და ევროპული ღირებულებების შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას.

ბანაკი 10 ქვეყნის 80 წარმომადგენელს 24 სექტემბერამდე უმასპინძლებს.

ბანაკს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“ ახორციელებს და ის საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მხარდაჭერით ტარდება.

საერთაშორისო ბანაკის გახსნის ღონისძიებას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძე, კულტურის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსი გიგა გაბელაია, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების ხელმძღვანელი ვინსენტ რეი და სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურის წარმომადგენლები დაესწრნენ.