„ევროპელი პარტნიორებისთვის გვაქვს ერთი მთავარი გზავნილი: იმის პარალელურად, რომ მაღალია დაბრკოლებები და კედლები, აუცილებელია კიდევ უფრო დიდი ძალისხმევა ნდობის აღდგენისთვის“, - განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
სახელმწიფო მინისტრმა სამუშაო სესიის მონაწილეებს გააცნო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარება, ყურადღება გაამახვილა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანთა უფლებების დარღვევებზე, გალისა და ახალგორის რაიონებში საკუთრების და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების შეზღუდვებზე, გამყოფ ხაზებზე თავისუფალი გადაადგილებების, უკანონო დაკავებების და სხვა ჰუმანიტარულ გამოწვევებზე.
„ძალიან მნიშვნელოვანია ევროპარლამენტარებისთვის სრული ინფორმაციის მიწოდება ოკუპაციის პირობებში არსებული ვითარების და ყოველდღიური პროვოკაციების თაობაზე. მათი გათვითცნობიერება ითარგმნება იმ პრინციპულ პოზიციაში, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რუსული ოკუპაციის დასრულებისთვის და პროვოკაციული ქმედებების პრევენციისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, გვქონდეს საერთაშორისო მხარდაჭერა, რათა ეფექტურად შევძლოთ ამ მიმართულებებით მუშაობა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანების მდგომარეობის გაუმჯობესება. ევროპარლამენტარებს ასევე მივაწოდე ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკაზე, ჩვენს ძირითად ამოცანებზე, იმ პროექტებზე, რომლებსაც ვახორციელებთ ჩართულობის და შერიგების პოლიტიკის ფარგლებში და რომელთა განხორციელებასაც მომავალში ვაპირებთ. ევროპელი პარტნიორებისთვის გვაქვს ერთი მთავარი გზავნილი: იმის პარალელურად, რომ მაღალია დაბრკოლებები და კედლები, აუცილებელია, კიდევ უფრო ძალისხმევა, მეტი ფინანსური და პოლიტიკური რესურსი ჩაიდოს ნდობის მშენებლობის, ხალხთა შორის კონტაქტების წახალისების და საზოგადოებრივი დიალოგის პროექტებში იმიტომ, რომ ეს არის გზა შერიგებისაკენ, ერთადერთი და უალტერნატივო გზა მშვიდობისაკენ“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.
ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მეხუთე სხდომა თბილისში, საქართველოს პარლამენტში 19-დან 20 სექტემბერის ჩათვლით ჩატარდება. სხდომაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციასთან ერთად, ევროპარლამენტარებიც მიიღებენ მონაწილეობას.
სხდომაზე განიხილება ასოცირების ხელშეკრულებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების საკითხები, საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული და საკონსტიტუციო რეფორმა, ასევე მართლმსაჯულების სფეროში არსებული მდგომარეობა, პარლამენტის მუშაობაში ღია მმართველობის პრინციპების დანერგვა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების გეგმები.
კომიტეტმა ცალკე საკითხად განიხილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა და ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკა.