შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, დავით დონდუასთან ერთად ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილეს, როუზ გოტემოლერს შეხვდა.
შეხვედრის მონაწილეებმა საქართველოდან გენერალური მდივნის მოადგილეს გააცნეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, მიაწოდეს ინფორმაცია რუსეთის დესტრუქციული ქმედებების შესახებ. ისაუბრეს ადგილობრივი მოსახლეობისთვის შექმნილ ჰუმანიტარულ გამოწვევებზე.
ქეთევან ციხელაშვილმა როუზ გოტემოლერს გააცნო საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტები და ის კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც მიმართულია ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული გამოწვევების საპასუხოდ.
ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ ალიანსის სახელით გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის სრული მხარდაჭერა და დაგმო რუსეთის დესტრუქციული ქმედებები.