ქეთევან ციხელაშვილი ნატო-საქართველოს ერთობლივი კომისიის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა

21 სექტემბერი 2017
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა.

ქეთევან ციხელაშვილმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე, საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის მიმართულებებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, „რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ზე მეტის ოკუპაცია რჩება უმნიშვნელოვანეს პრობლემად რეგიონში მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნების თვალსაზრისით. მშვიდობის შენარჩუნება მუდმივი პროვოკაციების ფონზე ხდება, რომლებიც ქმნის არა მარტო უსაფრთხოების პრობლემას, არამედ ჰუმანიტარულ გამოწვევას ათასობით ადგილობრივი ოჯახისთვის. ოკუპირებულ რეგიონებში უფლებრივი და ჰუმანიტარული მდგომარეობა უმძიმესია. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში არიან ეთნიკური ქართველები გალისა და ახალგორის რაიონებში - მათ ეზღუდებათ გადაადგილების თავისუფლება, საკუთრებისა და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლებები, დასაქმების შესაძლებლობა.“

ქეთევან ციხელაშვილმა მიმოიხილა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები და სამომავლო პერსპექტივებზეც ისაუბრა.

„საქართველო განუხრელად მიყვება კონფლიქტების გადაჭრის პოლიტიკის მშვიდობიან, პრაგმატულ და კონსტრუქციულ გზას. ჩვენი მიდგომა არის მკაფიო: რაც უფრო მაღალია კედლები, მით უფრო უნდა გავაძლიეროთ ძალისხმევა, ავაშენოთ ხიდები და გადავლახოთ ბარიერები. აუცილებელია ხალხთა შორის კონტაქტების გაძლიერება, ნდობის აღდგენის პროექტების ხელშეწყობა. უნდა გაგრძელდეს დინამიური ნაბიჯები ჩართულობის და შერიგების პოლიტიკის მიმართულებით. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რომ ჩვენი პროგრესი ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე გამოვიყენოთ კონფლიქტების მოგვარების მიმართულებით, როგორც რუსიფიკაციის ერთადერთი ალტერნატივა. და ავაშენოთ ერთიანი ევროპული სახელმწიფო, სადაც ყველა მოქალაქის უფლება და ყველა ეთნიკური ჯგუფის იდენტობა დაცულია. ამისათვის კი ჩვენ გვჭირდება მძლავრი საერთაშორისო თანადგომა, რათა გადავლახოთ უკვე არსებული და მომავალში შესაძლებელი დესტრუქციული ქმედებები რუსეთის მხრიდან.“

სახელმწიფო მინისტრმა კომისიის წევრი ქვეყნების წარმომადგენელთა კითხვებს უპასუხა.

კონფლიქტის მოგვარების და შერიგების თემაზე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომას, რომელშიც 29 მოკავშირე ქვეყნის ელჩი მონაწილეობდა, ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტმიოლერი თავმჯდომარეობდა.