პეტრე კანკავამ მშვიდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

22 სექტემბერი 2017
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილემ პეტრე კანკავამ მშვიდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრში მშვიდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, პროექტის: „მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის - ჩვენ შევქმნით ახალ, უკეთეს მომავალს“ პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საერთაშორისო პროექტის მონაწილე ქართველი, აფხაზი, ოსი ახალგაზრდები და ასევე სტუდენტები ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტიდან.

პეტრე კანკავამ მათ მშვიდობის საერთაშორისო დღე მიულოცა და ახალგაზრდებს შორის კონტაქტების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„გილოცავთ მშვიდობის საერთაშორისო დღეს, რომელიც გაეროს ეგიდით მთელს მსოფლიოში აღინიშნება და რა თქმა უნდა საქართველოშიც. სამწუხაროდ, დღეს, როცა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გვაქვს კონფლიქტები, განსაკუთრებით დიდი როლი ენიჭება მშვიდობას და ამ მაღალი ფასეულობისთვის ბრძოლას. აქ შეკრებილი საზოგადოება, თითოეული თქვენთაგანი და მრავალი ადამიანი თბილისში, სოხუმში, ცხინვალში, ახალციხესა თუ თელავში იღწვის ბედნიერი მომავლისთვის, რომელიც მშვიდობის გარეშე წარმოუდგენელია. მწამს, რომ სამშვიდობო ინიციატივებით, სამშვიდობო პროექტებით და გულწრფელი ზრახვებით ჩვენ კვლავ შევძლებთ მშვიდობიან გარემოში წარმატებულ ცხოვრებას“, - განაცხადა პეტრე კანკავამ.
პროექტის პრეზენტაციაზე ახალგაზრდებმა შეასრულეს ქართული და აფხაზური სიმღერები, წაიკითხეს საკუთარი ლექსები.

მშვიდობის საერთაშორისო დღე 21 სექტემბერს აღინიშნება.