„საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, განურჩევლად ეთნიკური წარმომავლობისა უნდა ჰქონდეს ქვეყნის ცხოვრების ყველა სფეროში ჩართვის თანაბარი შესაძლებლობა,“ - განაცხადა შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი სტაჟირების პროგრამის პირველი ეტაპის შეჯამების ღონისძიებაზე, სადაც მან სერტიფიკატები გადასცა მონაწილეებს.
„თქვენ ხართ ახალგაზრდები, ვინც პირველად მიიღო მონაწილეობა ჩვენს მიერ გამოცხადებულ სტაჟირების პროგრამაში. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ, რომ თქვენი მონდომების და სიბეჯითის წყალობით ამ პროგრამას უკვე შეგვიძლია ვუწოდოთ წარმატებული და ის აუცილებლად გაგრძელდება. ეს პროგრამა ემსახურება პოლიტიკას და ამოცანებს, რომელსაც კოორდინირებას უწევს ჩვენი აპარატი - ეს არის სამოქალაქო თანასწორობის და ინტეგრაციის პოლიტიკა, რაც გულისხმობს პირველ რიგში, რომ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, განურჩევლად ეთნიკური წარმომავლობისა, ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობა, ჩაერთოს ქვეყნის ცხოვრების ყველა სფეროში“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა სტაჟირების პროგრამის მონაწილეებისთვის მიმართვისას.
„1+4“ საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი სტაჟირების პროექტი 2017 წელს სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის ინიციატივით ამოქმედდა, იგი მიზნად ისახავს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდების დასაქმების წახალისებას, მათ აქტიურ და სრულფასოვან ჩართვას ქვეყნის საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრებაში.
სპეციალური კომისიის მიერ შერჩეულმა 65-მა კანდიდატმა სტაჟირება სხვადასხვა საჯარო სექტორში წარმატებით გაიარა. პროგრამის ერთ-ერთმა მონაწილემ, ლილიტ ოგანესიანმა საქმიანობა განაგრძო თანამშრომლის სტატუსით სახალხო დამცველის აპარატის რეგიონული დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის ოფისში.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდებისთვის სახელმწიფო სტაჟირების პროგრამის მეორე ეტაპის დასაწყებად, დაგეგმილია სტაჟირებაში მონაწილე უწყებების არეალის გაფართოება.
პროექტი ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის და აშშ- განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით.