ქეთევან ციხელაშვილი: ჩვენი მომავალი ერთ გზაზე გადის - ეს არის შერიგების, ჩატეხილი ხიდების აღდგენის გზა

27 სექტემბერი 2017
„ჩვენი მომავალი ერთ გზაზე გადის - ეს არის მშვიდობიანი, შერიგების, ჩატეხილი ხიდების აღდგენის გზა“, - განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა.

ქეთევან ციხელაშვილმა სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, მთავრობის წევრებთან ერთად გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

„27 სექტემბერი, სოხუმის დაცემის დღე არის უმძიმესი დღე, რომელიც უკავშირდება ძალიან ბევრ ტკივილს, დანაკარგს, ასიათასობით ადამიანის განსაცდელს, ვინც საკუთარ სამშობლოში დევნილად იქცა და დღემდე ვერ ახერხებს სახლებში დაბრუნებას.
24 წელი ნამდვილად დიდი დროა ერთი ადამიანის სიცოცხლისთვის და ერთი თაობისთვის. ჩვენ უნდა გამოვიტანოთ დასკვნები და პირველი ის არის, რომ აღარ უნდა დავუშვათ დაპირისპირება, კონფლიქტი, ომი. ჩვენი ამოცანა და უმთავრესი პრიორიტეტი არის მშვიდობა, მშვიდობიანი განვითარება და კონფლიქტის მოგვარება“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

ქეთევან ციხელაშვილმა ოკუპაციის პირობებში აფხაზეთში შექმნილ ვითარებაზეც ისაუბრა.

„განგრძობითი ოკუპაციის და მოუგვარებელი კონფლიქტის პირობებში შექმნილი ვითარება ნამდვილად არ ემსახურება არც ქართველების და არც აფხაზების ინტერესებს. ეს ვითარება არის ძალიან მძიმე. დღეს ეს რეგიონი მთლიანად შემოფარგლულია მთლიანად მავთულხლართებით და იზოლაციაში იმყოფება. მიმდინარეობს ინტენსიური რუსიფიკაციის პროცესი, განგრძობითი ოკუპაცია, ეს არის ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯების ერთობლიობა, რუსეთის ექსკლუზიური კონტროლი ცხოვრების ყველა სფეროზე და ამასთან დაკავშირებით აფხაზურ საზოგადოებაშიც სამართლიანად არსებობს მზარდი კრიტიკა და წუხილი“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ შერიგების და მშვიდობიანი მომავლის გზას ალტერნატივა არ გააჩნია.

„სამწუხაროდ, ჩვენ წარსულს ვეღარ შევცვლით და იმ ადამიანების სიცოცხლეს ვეღარ დავაბრუნებთ. ჩვენ მათ ხსოვნას პატივს მივაგებთ და დღეს უნდა გადავდგათ ნაბიჯები იმისათვის, რომ ჩვენი მომავალი იყოს უკეთესი და ეს მომავალი ერთ გზაზე გადის - ეს არის მშვიდობიანი, შერიგების, ჩატეხილი ხიდების აღდგენის გზა, მას არ გააჩნია ალტერნატივა, რამდენადაც ჩვენ მივისწრაფვით უკეთესი მომავლისკენ. საქართველოს სახელმწიფო, საქართველოს მთავრობა გააგრძელებს კიდევ უფრო მეტი დინამიკით შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკას, მავთულხლართების იზოლაციაში მყოფი ადამიანებისთვის ყველა იმ სარგებლის და სიკეთის გაზიარებას, რომელიც ჩვენი განვითარებიდან და ევროპული დღის წესრიგიდან მომდინარეობს“, - აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.