შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებს შეხვდა. ქეთევან ციხელაშვილმა შეხვედრა გამართა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიაში კრისტიან ვიგენინთან, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის აღმასრულებელი ოფისის ხელმძღვანელთან ადრეას ბეიკერთან და ეუთოს პოლიტიკის ოფისის უფროს ოფიცერთან ჯეიმს ოშეისთან.
სახელმწიფო მინისტრმა სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და გამყოფ ხაზებზე შექმნილ ვითარებაზე, განგრძობითი ოკუპაციის პირობებში არსებულ საფრთხეებზე, უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ გამოწვევებზე. შეხვედრაზე საუბარი შეეხო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მდგომარეობას, ყურადღება გამახვილდა გალისა და ახალგორის რაიონებში შექმნილ ვითარებაზე.
შეხვედრაზე ქეთევან ციხელაშვილმა საქართველოს ხელისუფლების შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის პრიორიტეტებზე ისაუბრა. სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ პოლიტიკის მიზანია, დაეხმაროს ოკუპირებული რეგიონების მოსახლეობას იზოლაციისგან თავის დაღწევაში და გაუზიაროს მათ საქართველოს განვითარების ყველა სარგებელი, მათ შორის ევროინტეგრაციის პროცესიდან მომდინარე სიკეთეები.
„დღევანდელი ვიზიტი დასტურია იმისა, რომ ჩვენი პარტნიორების მხრიდან ინტერესი მაღალია. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელთა ინტერესი და სურვილი, მიიღონ მაქსიმალური ინფორმაცია, შემდგომ ითარგმნება მყარ მხარდაჭერაში არა მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის, არამედ ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკის მიმართაც“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.