გამყოფი ხაზების დროებითი სამთავრობო კომისიის სხდომა ქეთევან ციხელაშვილის და ზურაბ ალავიძის თანათავმჯდომარეობით ჩატარდა

27 სექტემბერი 2017
„ჩვენი მთავარი ამოცანაა, გამყოფი ხაზების მიმდებარე სოფლებში ხალხი დავამაგროთ საკუთარ მიწაზე მიუხედავად იმ გამოწვევებისა, რომელსაც ქმნის მავთულხლართები და ეს რეგიონი გახდეს სამაგალითო იმ ადამიანებისთვისაც, ვინც გამყოფი ხაზების მეორე მხარეს ცხოვრობს ძალიან მძიმე პირობებში'', - განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა გამყოფი ხაზების მიმდებარე სოფლების საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის სხდომაზე.

ქეთევან ციხელაშვილმა ხაზი გაუსვა იმ პროექტების მნიშვნელობას, რომლებიც კომისიის მუშაობის ფარგლებში გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში 2013 წლიდან განხორციელდა გაზიფიკაციის, წყლით მომარაგების, განათლების დაფინანსების, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის და სხვა მიმართულებებით.

„კომისიის შექმნიდან - 2013 წლის ოქტომბრიდან დღემდე შევძელით წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემების დიდ ნაწილზე რეაგირება, თუმცა, რა თქმა უნდა, ამ სოფლებში გამოწვევები და საჭიროებები კვლავაც რჩება. ამიტომ სამთავრობო კომისია აგრძელებს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების საჭიროებების მოგვარებისთვის აქტიურ მუშაობას. იგეგმება, რომ მომდევნო სასწავლო წელს კვლავ გაგრძელდება ამ სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსება, ასევე აქტიურად ვმუშაობთ მიწებზე წვდომის საკითხზე, რაც ადგილობრივებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.



სხდომას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ხელმძღვანელობდნენ. კომისიის მუშაობაში სხვადასხვა სამინისტროს და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები მონაწილეობენ.