ქეთევან ციხელაშვილი: „ჩვენ მომავალშიც ვიზრუნებთ სანიმუშო ქართულ-ვაინახური ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებაზე»

30 სექტემბერი 2017
„ჩვენ მომავალშიც ვიზრუნებთ სანიმუშო ქართულ-ვაინახური ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებაზე», - განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა პანკისობის დღესასწაულზე.

პანკისობის დღესასწაული სოფელ დუისში მასშტაბურად აღინიშნა. სახალხო დღესასწაულის ფარგლებში გაიმართა კულტურული, სპორტული და საგანმანათლებლო ღონისძიებები“

დღესასწაულის მონაწილეებსა და ხეობის მცხოვრებთ სიტყვით მიმართა და დღევანდელი დღე მიულოცა ქეთევან ციხელაშვილმა, რომელმაც ქისტი ხალხის კულტურის მნიშვნელობასა და მრავალფეროვნებაზე ისაუბრა.
„კავკასიელ ხალხთა შორის თავისი მრავალფეროვანი ზეპირსიტყვიერებით, წეს-ჩვეულებებითა და საზოგადოებრივ-ყოფითი ტრადიციებით გამოირჩევა ქისტი ხალხი. საამაყოა, რომ ქართველებსა და ქისტებს მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა, მჭიდრო ისტორიული და კულტურული სიახლოვე აკავშირებს. ქისტური კულტურა და ტრადიციები ჩვენი ქვეყნის მრავალფეროვნების საგანძურია. გპირდებით, რომ ჩვენ მომავალშიც ვიზრუნებთ კულტურის თვითმყოფადობის და მისი შემადგენელი ელემენტების – ენის, ტრადიციების, შემოქმედების და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებასა და განვითარებაზე, სანიმუშო ქართულ-ვაინახური ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებაზე», - განცახდა ქეთევან ციხელაშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მომავალშიც შეუწყობს ხელს ქისტური კულტურის შენარჩუნებას, განვითარებას და სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესს, რომელიც გულისხმობს იმას, რომ თითოეული ჩვენი მოქალაქე, მიუხედავად ეთნიკური კუთვნილებისა იყოს თანასწორი, ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობები და იყოს ჩართული საზოგადოებრივი ცხოვრების ნებისმიერ სფეროში.
სახელმწიფო მინისტრმა პანკისობის დღესასწაულზე სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესსა და ქართულ-ვაინახურ ურთიერთობებში განსაკუთრებული წვლილისთვის მექა ხანგოშვილს მადლობის სიგელი გადასცა.
„რაც მთავარია და რაც მე მახარებს, ეს არის ჩვენი მთავარი გამაერთიანებელი, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი საქართველოს სიყვარული. მე მიხარია, რომ ქისტი ხალხის ყველა თაობის წარმომადგენლებს შორის ბევრი სამაგალითო მოქალაქეა და თავისი წვლილი შეაქვს ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. მე მინდა დღეს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ერთ ადამიანს, რომელსაც ასეთივე განსაკუთრებული წვლილი შეაქვს წლების განმავლობაში, სწორედ, სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესსა და ქართულ-ვაინახურ ურთიერთობებში, მინდა დღეს, საჯაროდ და ღიად მადლობა გადავუხადო ჩემი უწყების თანამშრომელს, ამ ხეობის საამაყო შვილს, ქ-ნ მექა ხანგოშვილს“- განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.