ქეთევან ციხელაშვილი: „მნიშვნელოვანია, ევროინტეგრაციის შესახებ ინფორმაცია ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს“

3 ოქტომბერი 2017
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო
მინისტრმა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი სტუდენტებისთვის ტრენერთა სკოლის გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. სკოლა პროექტის „ახალგაზრდა ევროპელი ელჩები“ ფარგლებში გაიხსნა, რომელიც სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და საქართველოს გაეროს ასოციაციის ერთობლივი ინიციატივით ხორციელდება.

ქეთევან ციხელაშვილმა პროექტის მონაწილეებსა და მხარდამჭერებს - საინფორმაციო ცენტრს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოს გაეროს ასოციაციასა და აშშ-ს განვითარების სააგენტოს მადლობა გადაუხადა და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ჩვენი მოქალაქეები, განურჩევლად ეთნიკური და რელიგიური კუთვნილებისა, მაქსიმალურად ჩაერთონ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში. ამ თვალსაზრისით კი, უმნიშვნელოვანესია ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, საჭიროების შემთხვევაში მათთვის გასაგებ ენებზეც. მიხარია, რომ დღეს ვხვდები PITA-ს ახალგაზრდული ცენტრების წარმომადგენელ ახალგაზრდებს. ახალგაზრდებს, რომლებიც სახელმწიფო ენას თავისუფლად ფლობენ. ვუსურვებ თითოეულ თქვენგანს წარმატებებს, ნაყოფიერ საინფორმაციო კამპანიას და მოუთმენლად ველი თქვენთან შეხვედრას, როდესაც ერთობლივად შევაჯამებთ ჩვენი პროექტის შედეგებს. მე გავეცანი სკოლის რამდენიმედღიან პროგრამას და დარწმუნებული ვარ, რომ პროგრამით გათვალისწინებული ლექციები, ვორქ-შოპები თქვენთვის იქნება ძალიან საინტერესო“, - აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.


პროექტის „ახალგაზრდა ევროპელი ელჩების“ მიზანია საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შესახებ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში (ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, კახეთი) საინფორმაციო კამპანიის ჩატარება მათთვის გასაგებ ენაზე.

პროექტის ფარგლებში ახალგაზრდებისგან შემდგარი მობილური ჯგუფი ქვემო ქართლის, კახეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფს შეხვდებიან და მიაწვდიან საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებულ ინფორმაციას.