„ჩვენ გვჭირდება კონსოლიდირებული ძალისხმევა, რომ ადამიანებს, რომელთა უფლებები უხეშად ილახება, წართმეული აქვთ თავისუფლება და უწევთ ურთულეს გარემოში ცხოვრება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, დავეხმაროთ რეალურ დროსა და სივრცეში და ეს დახმარების მექანიზმები იყოს მაქსიმალურად ეფექტიანი. ჩემი ამოცანაა, მაქსიმალური ყურადღება მიექცეს ამ საკითხს საერთაშორისო თანამეგობრობის, ჩვენი მეგობარი ქვეყნების და საერთაშორისო ორგანიზაციებს მხრიდან“, -განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა გერჰართ ბაუმის წიგნის ქართული თარგმანის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.
გერმანიის ყოფილი ფედერალური მინისტრის, გერჰართ ბაუმის წიგნში „იხსენით ძირითადი უფლებანი“ განხილულია, თუ როგორ შეიძლება იყოს დაცული ადამიანის თავისუფლებები და ძირითადი უფლებები მსოფლიოში უსაფრთხოების მზარდი გამოწვევების ფონზე ისე, რომ ამავდროულად უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხოება.
ქეთევან ციხელაშვილმა თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა წიგნის შინაარსის მნიშვნელობას დღევანდელი მსოფლიო რეალობის და ასევე საქართველოს მაგალითის გათვალისწინებით: „ როდესაც ადამიანის უფლებებზე და უსაფრთხოებაზე ვსაუბრობთ, არ შემიძლია, არ ვისაუბრო იმ ძირითად გამოწვევებსა და პრობლემებზე, რომელიც არსებობს ჩვენს ქვეყანაში, განრგძობადი ოკუპაციის პირობებში: შეზღუდული და შელახულია ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლება, ადამიანებს ფიზიკური უსაფრთხოების გამოწვევის წინაშეც კი უწევთ ცხოვრება ოკუპირებულ ტერიტორიაზე და მის მიმდებარედ, ასიათასობისთ ჩვენი თანამემამულე კი გამოდევნილია საკუთარი სახლებიდან და დღემდე ვერ ახერხებს დაბრუნებას.“