ქართველი და აფხაზი მეცნიერების ერთობლივი გამოცემის პრეზენტაცია თბილისში გაიმართა

7 ოქტომბერი 2017
შსს-ს არქივის პროექტის - „აღადგინე ისტორია არქივთან ერთად“ - ფარგლებში, ევროპის საბჭოს მხარდაჭერით მომზადებული ქართულ-აფხაზური ერთობლივი გამოცემის - „დიდი ტერორი აფხაზეთში (აფხაზეთის ასსრ 1937-1938 წწ.)" პრეზენტაცია თბილისში გაიმართა.
ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა გახსნა.
„ეს არის ქართველი და აფხაზი მეცნიერების ერთობლივი ნამუშევარი, ერთობლივი პროექტი, რომელიც ასახავს ჩვენს საერთო ისტორიას. ეს არის ერთობლივი მუშაობის შედეგი, რაც ევროპის საბჭოს ხელშეწყობით განხორციელდა და იმედი გვაქვს, რომ მსგავსი პროექტები შესაძლებლობას მისცემს ქართველ მეცნიერებს, აფხაზ მეცნიერებს, ასევე, ჩვენს სპეციალისტებს სხვადასხვა სფეროში შექმნან ერთობლივი პროდუქტები. მნიშვნელოვანია ასეთი პროექტები და ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერთ ამგვარ დიალოგს, ამგვარ ერთობლივ მუშაობას“,- განაცხადა შალვა ხუციშვილმა.
ქართულ-აფხაზური ერთობლივი პროექტი, ევროპის საბჭოს ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით, ნდობის აღდგენის ჩარჩო-პროგრამის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანამშრომლობის შედეგად განხორციელდა.
სამტომიან გამოცემაში შესულია ქართველი და აფხაზი მეცნიერებისა და ექსპერტების მიერ გასული საუკუნის 30-იანი წლებში აფხაზეთში განხორციელებული რეპრესიების შესახებ მოძიებული ინფორმაცია და დამუშავებული საარქივო დოკუმენტური მასალა.
“პროექტის მიზანი იყო იმ საარქივო მასალების შეკრება, რომელიც 1937-1938 წლებში აფხაზეთში არსებულ რეპრესიებს ეხებოდა. პროექტის ფარგლებში, ჩვენ ვითანაშრომლეთ ქართველ და აფხაზ ისტორიკოსებთან. წიგნზე მუშაობა, დაახლოებით, 2 წელი გაგრძელდა. შედგა რამდენიმე შეხვედრა. ინტენსიური განხილვები კონსტრუქციულ ფორმატში მიმდინარეობდა და შედეგად, ჯგუფმა კარგად იმუშავა. პროექტი ევროსაბჭოს ეგიდით, ევროსაბჭოს ნდობის აღდგენის ჩარჩო-პროგრამის ფარგლებში განხორციელდა“, - აღნიშნა პრეზენტაციაზე ევროპის საბჭოს პოლიტიკურ საქმეთა დირექტორატის სამმართველოს უფროსმა ანა კაპელომ.
ქართველი და აფხაზი მეცნიერები სამტომეულზე ორი წლის განმავლობაში ერთობლივად მუშაობდნენ. სტამბულში, ვენეციაში, ერევანში, ტალინსა და პარიზში გამართულ სამუშაო შეხვედრებზე პროექტის მონაწილეები განიხილავდნენ საარქივო მასალების მართვა-მენეჯმენტთან დაკავშირებულ საკითხებს, ერთობლივი გამოცემის მოსამზადებელ სამუშაოებსა და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებს, ათანხმებდნენ ცალკეულ მასალებსა და გამოსაცემად გამზადებულ ტექსტებს.
„ეს არის ჩვენი საერთო წარსული, რომელიც, ვფიქრობ, საჭიროებს სათანადო გააზრებას და შეფასებას. მიხარია, რომ შერიგებისა და ნდობის აღდგენის მიზნის მქონე პროექტების რიცხვი მზარდია და მოიცავს ქართული და აფხაზური საზოგადოებების სხვადასხვა ჯგუფს. ამგვარი ნდობის აღდგენის პროექტების განხორციელება უაღრესად მნიშვნელოვანია“, - განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ პეტრე კანკავამ სიტყვით გამოსვლისას.
ღონისძიებაზე ნაჩვენები იყო შსს-ს არქივის მიერ მომზადებული, პროექტის განვითარების ქრონოლოგიის ამსახველი მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ შსს-ს აკადემიის რექტორი გივი მიქანაძე, შსს-ს არქივის დირექტორი ომარ თუშურაშვილი, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი კრისტიან ურსე, ევროპის საბჭოს პოლიტიკურ საქმეთა დირექტორატის სამმართველოს უფროსი ანა კაპელო, შსს-ს აკადემიისა და არქივის თანამშრომლები, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.