„ეს არის ისტორიული დღე ჩვენი ქვეყნისათვის, მთლიანად საზოგადოებისთვის, ჩემთვის, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის, იგი აღსავსეა ერთდროულად უდიდესი ტკივილითა და სიამაყით. დღეს პატივს მივაგებთ ჩვენი დროის სახელოვან გმირებს, რომელთაც საკუთარი სიცოცხლის ფასად გვაჩვენეს თავდადების, გაუტეხლობის, მაღალი ღირსების და სამშობლოს სიყვარულის გამორჩეული მაგალითი.“ განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა დიღმის ძმათა სასაფლაოზე აფხაზეთიდან გადმოსვენებული გმირების დაკრძალვის ცერემონიაზე. ქეთევან ციხელაშვილმა დაღუპული მებრძოლების ოჯახის წევრებს მიმართა განაცხადა, რომ უდიდეს სევდას და ტკივილთან ერთად დღევანდელი დღე ერთგვარი შვებაც არის. „მინდა მივმართო ოჯახის წევრებს და ვუთხრა - თქვენი შვილები, მეუღლეები, მამები, არიან გმირები და მათი თავგანწირვა არის ჩვენი ქვეყნის ისტორიის საფუძველი და მომავლის ძალა. მათი ხსოვნა მარადიულია. ჩვენ, მთელი საზოგადოება, თქვენთან ერთად ვამაყობთ და ვგლოვობთ დღევანდელ დღეს. დღეს იმ სევდასა და ტკივილს, რასაც დღეს თითოეული ჩვენგანი გრძნობს, უთუოდ ახლავს თან ერთგვარი შვებაც, რადგან დღეიდან, თითოეულ ჩვენგანს, პირველ რიგში კი ოჯახის წევრებს მიეცემათ შესაძლებლობა 24 წლის შემდეგ პატივი მიაგონ ახლობელთა საფლავებს. სახელმწიფოს კი მიეცა მისი გმირების პატივით დაკრძალვის შესაძლებლობა. უგზოუკვლოდ დაკარგულთა და დაღუპულთა მოძიება, იდენტიფიცირება და გადმოსვენება არის უმნიშვნელოვანესი ჰუმანიტარული პროცესი. მე მინდა კიდევ ერთხელ და საჯაროდ გადავუხადო მადლობა წითელ ჯვარს, მხარდაჭერისათვის და უდიდესი შრომისთვის, ყველას ვისაც წვლილი შეაქვს, აფხაზურ მხარეს რომელიც ქართულ მხარესთან ერთად აქტიურად მუშაობს. ეს არის ქართულ აფხაზური თანამშრომლობის ძალიან პოზიტიური მაგალითი და მჯერა ამ შედეგიანი ურთიერთობების გამოცდილებას მომავალშიც არაერთგზის გამოვიყენებთ. მშვიდობით და შერიგებით გავაგრძელებთ იმ მიზნისთვის ბრძოლას, რასაც თავი შესწირეს ჩვენმა სახელოვანმა გმირებმა“ აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა“ ქეთევან ციხელაშვილი პრემიერ მინისტრთან და მთავრობის სხვა წევრებთან ერთად, სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებული 25 გმირის სამოქალაქო პანაშვიდსა და დიღმის ძმათა სასაფლაოზე მათ დაკრძალვას დაესწრო.